"დემარშისტი მინისტრები" და MEDIAტორი - კვირის პალიტრა

"დემარშისტი მინისტრები" და MEDIAტორი

უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, ამისგან არავინ არის დაზღვეული, მათ შორის მედიასაშუალებების თანამშრომლები. რა თქმა უნდა, რაც უფრო პოპულარული და რეიტინგული ხარ, შენი შეცდომა მით უფრო "ყვირის"(!)

როგორ მოხდა ყველაფერი - 11 მარტს საიტ "იუთუბიზე" აიტვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში ატყდა აჟიოტაჟი. პარალელურად, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა პირად ელ.ფოსტაზეც მიიღეს შეტყობინება ზემოხსენებული ვიდეოს თაობაზე. სამწუხაროდ, "ინტერპრესნიუსის" რედაქციამ დაუშვა შეცდომა და გამოაქვეყნა ამბავი იმის შესახებ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ-სივრცეში ამა და ამ სათაურით, რის გამოც მასალა იძლეოდა იმ პირის იდენტიფიცირების საშუალებას, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეოში იყო დაფიქსირებული.

თუმცა რედაქტორი მალევე მიხვდა თავის შეცდომას და გამოქვეყნებიდან 4-5 წუთის შემდეგ მასალა ჩამოიხსნა საიტიდან. ეს არ იყო ვიდეოს გავრცელება, როგორც უნდათ ზოგიერთებს რომ წარმოაჩინონ. ეს იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო. სააგენტომ ოფიციალურად ბოდიში მოიხადა და პასუხისმგებელი რედაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც იტყვიან, ინციდენტი ამოწურული უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

თავდასხმა და დემარში "რუსთავი 2"-სგან და "მაესტროსგან" არც გვწყენია. მიზეზების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ და აღარ გავაგრძელებთ სიტყვას იმაზე, რომ მაგალითად, "რუსთავი 2"-ს გენდირექტორი წინა ხელისუფლების დროს თავად იყო იმ სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც ტოტალურ თვალთვალს, მოსმენებს ამკვიდრებდა და ადამიანებს აშანტაჟებდა. ისე, მისგან ამ ფაქტების გამო არც ბოდიში მოგვისმენია და არც მონანიება. თუმცა დღეს "რიხიანად" აცხადებს ბოიკოტს.

"რუსთავი 2" და "მაესტრო" რა მოსატანია იმ ანომალიასთან, რომელიც ვიხილეთ რამდენიმე სახელმწიფო უწყების შესრულებით. დიახ, ანომალიაა და არც ერთი მეტ-ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნის ნორმაში არ ჯდება ის, რომ მინისტრებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (მიუხედავად შეცდომის აღიარებისა) ლამის ჯიჰადი გამოუცხადეს ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ და დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოს.

პირველმა "ინტერპრესნიუსის" წინააღმდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაილაშქრა და თანამშრომლებს სააგენტოსთვის რელიზების გაგზავნა აუკრძალა.

ციტატა: "საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამინისტროს სისტემა IPN.GE-სთან და ასევე რადიო "ფორტუნასთან", მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს. ეს ნიშნავს, რომ ნიუსებს ჩვენგან ოფიციალური რელიზებისა თუ ინფორმაციის სახით აღარ მიიღებთ. ინსტრუქცია უკვე ჩაშვებულია აპარატში და 11-ვე სსიპ-ში და პირადად გავაკონტროლებ ყველა ჩემი სტრუქტურის ყველა პიართანამშრომელს, რომელიც ამ ინსტრუქციის დარღვევისთვის მკაცრად დაისჯება"(!) - განაცხადა წულუკიანმა და ბოლოს თავის პოსტს მეტი სიმძაფრისთვის ასე მიაწერა: "გულისრევის სმაილი"(!) აფერუმ თქვენს "პრინციპულობას" დიდმოხელე ქალბატონო...

ისე, ძალიან საინტერესოა იმის ხილვა, თუ როგორ დადის შემოვლაზე იუსტიციის მინისტრი, რომლის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი "ინტერპრესნიუსის" ყოფილი ჟურნალისტი მარიამ მსხილაძეა, 11-ივე სსიპ-ში და აკონტროლებს, ემანდ ვინმემ ფარულად ხომ არ გადაუგზავნა "ინტერპრესნიუსს" რელიზებიო(?!)

ზოგიერთმა წულუკიანი შეაქო - ნახეთ, რა გამბედავია იუსტიციის მინისტრი, რომელიც მედიასაშუალებას ბოიკოტს უცხადებსო. ალბათ, ეს შეშურდა თინა ხიდაშელს და ამჯერად "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტრომ შეუტია. "არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ!", - დაწერა მრისხანედ ხიდაშელმა "ფეისბუქზე".

კი მაგრამ რა შუაშია "ინტერპრესნიუსიო" - იკითხავს მკითხველი. ჩვენც ეს გვაინტერესებს. "ინტერპრესნიუსმა" გადაიღო პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ვიდეო?! მათ გაავრცელეს?! მათ ევალებოდათ ის, რომ წლების მანძილზე თუნდაც ერთი ადამიანი გამოგვევლინა, რომელიც ამ სიბინძურეს იღებდა და დღეს ავრცელებს ინტერნეტში?! თუ მთავრობის წევრებს?! ან "ინტერპრესნიუსს" რომ არ ეთქვა, ესა და ეს ვიდეო განთავსდა "იუთუბეზეო" "ფეისბუქის" მომხმარებელი ისე ვერ ნახავდა და ვერ ნახა? იქნებ განტევების ვაცის ძიებაში გადაიჭერით ქალბატონ-ბატონებო?!

დიახ, წარმოუდგენელია - თავისუფალ მედიასაშუალებას ბოიკოტს უცხადებდნენ მთავრობის წევრები ნიუსისთვის იმის შესახებ, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. მაშინ, როდესაც მათ ამ ოთხი წლის განმავლობაში არათუ დააკავეს მსგავსი ვიდეოების გამავრცელებლები, არამედ ერთი გვარ-სახელიც კი ვერ დაასახელეს, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს აღნიშნული ბინძური მასალები.

საინტერესოა, რატომ არ უცხადებენ ბოიკოტს წულუკიანი და ხიდაშელი პროკურატურას, რომელმაც ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ბინძური ვიდეოების გადაღებისა და ადამიანის წამების შემკვეთები და ორგანიზატორები ინტერპოლს წითელ ცირკულარში მაინც ჩაესვა?! ან სასტიკ ბრალდებებში ბრალდებული თუნდაც ერთი ყოფილი მაღალჩინოსანის ექსტრადაცია მოეხდინათ?!

კარგით, შევეშვათ "დემარშისტ მინისტრებს" და ვთქვათ ის, რომ უფრო დიდი უცნაურობა დაფიქსირდა. საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს უპირველესად მედიატორის ფუნქციები ეკისრება, ის უნდა იყოს დაძაბული მდგომარეობის განმმუხტველი, თავისუფალი სიტყვის გარანტი და ა.შ.

არ ვიცი, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში თუ დაფიქსირებულა ის, რომ მთავარ მედიატორს თავისუფალი მედიასაშუალებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინოს. საქართველოში იყო ამის პრეცედენტი - მაგალითად, მარგველაშვილის წინამორბედმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო უწყებებს პრესის გამოწერა აუკრძალა და კონტაქტობდა მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებთან.

ალბათ, გიორგი მარგველაშვილს მთავარი მედიატორის ფუნციები კარგად გათავისებული რომ ჰქონოდა, ჯერ მიუთითებდა წულუკიანს და ხიდაშელს, რომ შეცდომის გამოო საინფორმაციო სააგენტოზე გალაშქრება კომიკურია და პირველ რიგში ხელისუფლების იმიჯს აყენებს დარტყმას. შემდეგ კი უშიშროების საბჭოსა თუ სხვა ფორმატში დაინტერესდებოდა, ბოლოს და ბოლოს როდის დადგინდება ვიდეოების გამავრცელებლის ვინაობა და როდის გადაეცემიან ისინი მართლმსაჯულებას. ამაზე იფიქრონ "დემარშისტმა მინისტრებმა" და მთავარმა მედიატორმა, როცა "ფეისბუქში" მრისხანე, "გულისრევის სმაილიანი" პოსტების წერისგან მოიცლიან.

უშეცდომო არავინაა ანუ "როიტერიდან" "ნიუ-იორკ თაიმსამდე"

შეცდომისგან დაზღვეულები არც მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები არიან. მაგალითად, 2006 წელს "როიტერმა" გამოაქვეყნა პალესტინის ერთ-ერთი ქალაქის ფოტო, რომელიც ისრაელის ავიაციის დარტყმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იყო გადაღებული. სააგენტოს ფოტოგრაფმა უფრო მეტი დრამატული ეფექტის მიღების მიზნით, სურათი ფოტოშოპით დაამუშავა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც "როიტერის" ფოტო უმსხვილესმა გამოცემებმა გადაბეჭდეს. სააგენტომ ოფიციალური ბოდიში მოიხადა და ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა, მისი 920 ფოტო კი საიტიდან წაშალა. ასევე, "როიტერმა" რამდენიმე წლის წინ შეცდომით გამოაქვეყნა ჯორჯ სოროსის ნეკროლოგი, რაზეც ასევე ბოდიში მოიხადა(!).

2011 წელს "ბლუმბერგმა" აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინტერვიუ გამოაქვეყნა. აზერბაიჯანულმა მხარემ პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ფრაზა, რომელიც სათაურში იყო გატანილი, ალიევს არ უთქვამს. სააგენტომ ბოდიში მოიხადა და მომხდარი ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

2003 წელს "ნიუ იორკ თაიმსში" სკანდალი ატყდა. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტი ჯეისონ ბლერი 4 წლის განმავლობაში რედაქტორებს და მკითხველს ატყუებდა. კერძოდ, სხვა მედიასაშუალებებიდან მითვისებულ მასალებს თავის ექსკლუზიურ რეპორტაჟებად ასაღებდა და აქვეყნებდა ყალბ ინტერვიუებს. გაზეთიდან არა მხოლოდ თვითმარქვია ჟურნალისტი მიაბრძანეს, არამედ ორი რედაქტორიც.

ბოდიშის მოხდა ამერიკულ "ენბისისაც" მოუხდა. კერძოდ, ტელევარსკვლავმა ბრაიან უილიამსმა პირდაპირ ეთერში მოჰყვა, თუ როგორ ჩამოაგდეს ერაყელმა მეამბოხეებმა ის ვერტმფრენი, რომელშიც ჟურნალისტი იჯდა და როგორ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი იყო. ტელევარსკვლავი სამსახურიდან გაუშვეს.

თუმცა არც "როიტერისთვის", "ბლუმბერგისთვის" ან "ნიუ-იორკ თაიმსისთვის" პენტაგონს ან თეთრ სახლს ბოიკოტი არ გამოუცხადებია, ქალბატონ-ბატონებო!

გიორგი კვიტაშვილი