ეკა ბესელია: "ჩემი ოჯახისა და ჩემს ტერორს არ შევეგუე" - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია: "ჩემი ოჯახისა და ჩემს ტერორს არ შევეგუე"

"სააკაშვილი პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერებს ფარულად იღებდა და შანტაჟისთვის საკმაოდ წარმატებითაც იყენებდა".

"საზოგადოებასა და ხელისუფლებას ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს"

ვინ და რა მიზნით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები? - ამ კითხვაზე პასუხად "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ხელს ყოფილი პრემიერისკენ, ბიძინა ივანიშვილსკენ იშვერს. მისივე განცხადებით, ივანიშვილის უშუალო მითითებებს უშიშროების მინისტრის მოადგილე იღებს. რა პასუხი აქვთ ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებებზე უმრავლესობაში? - გვესაუბრება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია:

- უპირველესად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რაც მოხდა, ამაზრზენი და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელი დანაშაულია. ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ომიტეტის თავმჯდომარისთვის სრულიად მიუღებელია ნებისმიერი უკანონო ჩარევა, რომელიც პიროვნების დაცულ სივრცეს ეხება. ეს დანაშაული მორალური თვალსაზრისით უმძიმესია და მას არავითარი გამართლება არ აქვს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველა ერთსულოვანი ვართ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებმაც ზღვარს გადააბიჯეს და სხვის პირადს შეეხნენ. აუცილებელია იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯა, რომლებმაც ეს ამორალური დანაშაული ჩაიდინეს. პრევენცია მხოლოდ ეს იქნება.

- ირაკლი ალასანიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. თქვენი პოზიცია როგორია - ვის ინტერესებში იყო ფარული ვიდეოკადრების გავრცელება?

- ვის რა მიზანი ამოძრავებდა, ამაზე პასუხი იქნება მას შემდეგ, რაც გამოძიება ყველა კითხვაზე პასუხს ამომწურავად გასცემს. მანამდე მოტივზე ლაპარაკი არარელევანტურია. გამოძიებამ უნდა გაგვარკვიოს იმაშიც, ვინ შეიძლება იდგეს ამ საშინელების უკან. გაბრაზებულ გულზე და უაპელაციოდ ამ ყველაფრის ხელისუფლებისთვის გადაბრალება მინიმუმ არამართებულია. მსგავსი მარაზმი არცერთ ხელისუფლებას არ წაადგება. სწორედ ამიტომ ვერ ბედავდა სააკაშვილი პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას, მაგრამ მათ ფარულად იღებდა და შანტაჟისთვის საკმაოდ წარმატებითაც იყენებდა. სამწუხაროდ, ამ სისტემას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა კიდეც. კარგად გვახსოვს, რა სიხშირითა და რაოდენობით გვაწვდიდნენ პირადი საუბრების უკანონო ჩანაწერებს, რაშიც მასზე დაქვემდებარებული ტელევიზიები აღტაცებულები აშუქებდნენ. პარადოქსია, დღეს იგივე ტელევიზია მორალს გვიკითხავს. კადრების გამოქვეყნებით, საზოგადოებასა და ხელისუფლებას ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს, დიახ, ეს ფსიქოლოგიური ტერორია! ვფიქრობ, პირველ რიგში, კანონი უნდა გამკაცრდეს და მსგავს დანაშაულზე სასჯელი კიდევ მეტად გაიზარდოს. დღეს ხელისუფლების ვალდებულებაა, ფაქტი დაუყოვნებლივ გამოიძიოს და დამნაშავე სათანადოდ დასაჯოს.

- და სად იყო ამ დრომდე ხელისუფლება, როდესაც ფარული კადრების სხვადასხვა გზით გავრცელების მცდელობის შესახებ არაერთხელ გახმაურდა ან რა დაადგინა გამოძიებამ იმ პირებზე, რომლებმაც თქვენი ცხოვრების ამსახველი კადრები ელისო კილაძეს მიაწოდეს?

- კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის დროს და მისივე თანხმობით ყველა მის ოპონენტსა და საჯარო პირს უკანონოდ უთვალთვალებდნენ, დევნიდნენ, ნაწილს აქვეყნებდნენ, ნაწილს პირადად აშანტაჟებდნენ. ეს პროცესი განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ აქტიურდებოდა. ბევრჯერ მითქვამს, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ოჯახისა და ჩემს ტერორს არ შევეგუე და ბოლომდე ვიბრძოლე. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, გამოძიება მიმდინარეობს და ამ თემაზე მეტს აღარ ვილაპარაკებ. ერთი რამ ვიცი - ვინც უკანონობას გააგრძელებს, უმკაცრესად დაისჯება!

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)