"ფარული ჩანაწერები სავარაუდოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდეა გადაღებული" - კვირის პალიტრა

"ფარული ჩანაწერები სავარაუდოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდეა გადაღებული"

"არავინ მოვიტყუოთ თავი, რომ საქართველოს ხელისუფლება ტექნიკურად შეძლებს ჩაკეტოს და აბსოლუტურად დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისგან"

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების მორიგ ფაქტზე კომენტირებისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, არის კანონის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ვიდეოს ატვირთვა საქართველოში მოხდა.

ქუცნაშვილიმა გამოთქვა ეჭვი, რომ აღნიშნული ჩანაწერები სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდეა გადაღებული, რადგან, მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ამ თემით დაინტერესებული სპეციალური სამსახურები მოქმედებდნენ.

"თანამედროვე ციფრულ სამყაროში საინფორმაციო არხების კონტროლი საკმაოდ რთულია. სადამ ჰუსეინი რომ სადამ ჰუსეინია, მან ვერ შეძლო ერაყის საინფორმაციო სივრცე თავიდან ბოლომდე ჩაეკეტა არასასურველი ინფორმაციისაგან. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ცენზურითა და ინსტრუმენტებით იყო შეიარაღებული ეს დიქტატორი თავის ქვეყანაში. პუტინი რომ პუტინია, მას უჭირს რუსეთში საინფორმაციო სივრცის ჩაკეტვა. სოციალური ქსელები და ინტერნეტი ამის ძალიან კარგი საშუალებაა. შეგახსენებთ ცნობილ კამპანიას, რაც "ვიკილიქსმა" აწარმოა – ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმაც კი ვერ შესძლო აღეკვეთა ის, რასაც "ვიკილიქსი" აკეთებდა, როცა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია სამზეოზე გამოჰქონდა... არავინ მოვიტყუოთ თავი, რომ საქართველოს ხელისუფლება ტექნიკურად შეძლებს ჩაკეტოს და აბსოლუტურად დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისგან".

დეპუტატის თქმით, გამოსავალი მხოლოდ ამტვირთველების მხილებასა და დასჯაშია, რაც ბევრად ადვილია, თუ ატვირთვა საქართველოში მოხდა და ბევრად რთულია – თუკი ჩანაწერები უცხოეთიდან ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"