სტუდენტების დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა - რა ხდება სახელმწიფო უნივერსიტეტში?! - კვირის პალიტრა

სტუდენტების დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა - რა ხდება სახელმწიფო უნივერსიტეტში?!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულმა საპროტესტო აქციამ დღეს კიდევ უფრო მძიმე ხასიათი მიიღო, სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგე სტუდენტები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტთან იყვნენ შეკრებილნი, რა დროსაც სტუდენტთა ერთი ჯგუფი - თვითმმართველობის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას უჭერენ მხარს, უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას კაბინეტში შეჭრას ცდილობენ.

საპატრულო პოლიციის და სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების ჩარევით დაპირისპირებული მხარეების გაშველება დროულად მოხდა, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ტელეკამერებისთვის ხელის შეშლის ფაქტს.

შეხლა-შემოხლის დროს ჭყლეტაში ცუდად გახდა უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი, რომელიც სტუდენტების გაშველებას ცდილობდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის "უკან იხევს", თუმცა არ განუმარტავს, რა იგულისხმა "უკან დახევაში" და აპირებს თუ არა კანდიდატურის მოხსნას.

"უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის ვიქნები უნივერსიტეტის გვერდით და ბრძოლას გავაგრძელებ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან.

ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ჩემს გვერდით, მაგრამ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი მდგომარეობა. რაღაც ნაწილს თუ მაინც ეს პრობლემა მოაგვარებს, რომლებსაც ვითომდა ბრალდებები ჰქვია, მე მზად ვარ ეს გავაკეთო", - განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

აქციის სტუდენტთა ნაწილის საპროტესტო ციკლი 7 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ თსუ-ის კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა იგეგმებოდა. პროცესი სტუდენტების აქციას გასცდა და აქციების ორგანიზებაში უნივერსიტეტის თანამშრომლები და ლექტორებიც ჩაერთვნენ.

უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოეხმაურა.

უწყება მიიჩნევს, რომ მიუღებელია უნივერსიტეტის საქმიანობაში გარე ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც სტუდენტებზე ზემოქმედების მცდელობა.

"მიუღებელია უნივერსიტეტის საქმიანობაში გარე ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც სტუდენტებზე ზემოქმედების მცდელობა. დაუშვებელია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების პოლიტიზირება. გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან თუ სტუდენტთა ნებისმიერი გაერთიანების წარმომადგენლებთან, რათა საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიან და სამართლიან სისტემას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.