უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოაწერა ხელი?! - კვირის პალიტრა

უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოაწერა ხელი?!

უკრაინულმა გამოცემა odessit.ua- მ სააკაშვილის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„ჩვენმა ერთ-ერთმა ინფორმატორმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირია, გვითხრა, რომ პოროშენკომ უკვე მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გათავისუფლების ბრძანებას.

ინფორმატორის თანახმად, ხელის მოწერის მიუხედავად, ბრძანების გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ არის მითითებული. პრობლემა სააკაშვილის გათავისუფლება კი არ გახლავთ, არამედ ის, თუ ვინ დაიკავებს ოდესის გუბერნატორის თანამდებობას. ეს საკითხი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული უკრაინის პრეზიდენტთან.

უკრაინული გამოცემის წყაროს თანახმად, სააკაშვილის შემდეგ ამ თანამდებობაზე განიხილება როგორც ცნობილი, ასევე არც თუ ისე

აქტუალური პოლიტიკოსები.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა უარყო. ოდესის გუბერნატორის მტკიცებით, ეს მისი არაკეთილმოსურნეების მიერ გავრცელებული ჭორია.

„სააკაშვილის საგზაო ნიშნები“

პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს ექსპრეზიდენტი არ წყვეტს პოლიტიკურ აქტიურობას. ის აგრძელებს შეხვედრებს მოსახლეობასთან და აცნობს "ანტიკორუფციულ" პროგრამას.

ერთ-ერთი ასეთი მსვლელობისას, სააკაშვილმა შეცდომით გაანადგურებინა ამკრძალავი საგზაო ნიშანი, რომელიც სატვირთო ავტომობილებს დასახლებულ პუნქტში შესვლას და გადაადგილებას უკრძალავდა.

ვანდალური ფაქტი კი სააკაშვილმა შემდეგნაირად ახსნა - მისი თქმით, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს მიეცათ პორტში უფასოდ შესვლის საშუალება, ხოლო სოფლის მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა "ანტიკორუფციული" პროგრამის შედეგი.

წყარო1, წყარო2

მოამზადა ეკა გადახაბაძემ