"თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი" - კარასინი საქართველოს ემუქრება? - კვირის პალიტრა

"თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი" - კარასინი საქართველოს ემუქრება?

"როგორ შეიძლება ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზე იყოს საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსს სურს გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი ყველაზე პატრიოტი და ხისტი მებრძოლები არიან რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ.

"საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი".

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოსთან ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებს.

"საქართველომ რომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ეს მისი სუვერენული უფლებაა. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების გამოც. როგორც იცით, ბოლო დროს რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მკვეთრად გააფართოვა იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეუძლია საქართველოს მოქალაქეები დაპატიჟონ რუსეთში. შესაბამისად, ყოველწლიურად ჩვენ უკვე გავცემთ 25 ათას ვიზას და მომავალში კიდევ უფრო მეტს გავცემთ.

როგორ შეიძლება ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზე იყოს საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს... მე აღარ გავიმეორებ სულელურ განცხადებებს, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე ვილაპარაკოთ. ეს უბრალოდ სასაცილოა. ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს. ისინი ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ დავაკვირდებით და მოვლენების ანალიზს გავაგრძელებთ", - განაცხადა კარასინმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით