"ქრთამი შემომთავაზეს" - დაკარგულ 2 მილიონ დოლარს უკრაინაში საყვარელიძესთან ერთად ეძებენ... - კვირის პალიტრა

"ქრთამი შემომთავაზეს" - დაკარგულ 2 მილიონ დოლარს უკრაინაში საყვარელიძესთან ერთად ეძებენ...

უკრაინის გენპროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დაკითხვაზე დაიბარეს. განყოფილებაში მისვლამდე, ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან ქრთამის თაობაზე ისაუბრა:

„ქრთამი  შემომთავაზეს, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ვინც ქრთამი შემომთავაზა „მაკარენკოს კაცად“ გამეცნო. მას ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა, ადრე ალბათ შევხვედრილვარ კიდეც. მითხრა, - დიდ თანამდებობაზე ხარ - არის სქემები და თუ შენ შეგიძლია ამ სქემებს უხელმძღვანელო, საინტერესო საკითხებიც გაჩნდება და საჭირო ხალხთან მორიგებაცა შესაძლებელია, რათა ნავთობპოდუქტები გაიყიდოსო, - გაუმხილა პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს რადას დეპუტატებმა, გენპროკურორი ვიქტორ შოკინი თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა სანამ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებდა, შოკინმა საყვარელიძის გაათავისუფლება მოასწრო.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, ქართველი პოლიტიკოსი 2 მილიონი დოლარის გაქრობის ფაქტზე პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხეს.

„გამოვცხადდი დაკითხვაზე. ერთად მოვძებნით 2 მილიონ დოლარს. დაკითხვისას უკვე ოფიციალური ფორმით დავასახელებთ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, რის გამოც ვერ იმუშავა რეფორმებმა, დავასახელებთ იმ პირებს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა", - განაცხადა საყვარელიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა გენპროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე პროკურორ სუსის გამოძიებას, მან უპასუხა რომ პროკურორი როგორც ყოველთვის დაკვეთებს ასრულებს.

„ეს ის კაცია, ვინც აშანტაჟებდა ჩვენი გუნდის ბიჭებს, ემუქრებოდა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა“.

რაც შეეხება დაკითხვას, საყვარელიძემ განმარტა, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა, რადგან გამოსაძიებელი არაფერია.

„ჩემთვის ეს ფორმალური პროცედურაა. თავს არ მოვიტყუებ და არ დავიჯერებ იმას, რომ ამ საკითხში გამოძიება ობიექტურობას გამოიჩენს. აქ გამოსაძიებელი არაფერია, მათ სურთ ამ საქმეში მხოლოდ ფორმალური აღნიშვნის გაკეთება, რომელიც ამჯერადაც უნდა გადავლახოთ. თუმცა მე მზად ვარ მივცე ჩვენება“...

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ