"2008 წელს ჩვენმა არმიამ სამხრეთ ოსეთი საქართველოს თავდასხმისგან დაიცვა და ახლაც, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"2008 წელს ჩვენმა არმიამ სამხრეთ ოსეთი საქართველოს თავდასხმისგან დაიცვა და ახლაც, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა"

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წლის აგვისტომდე, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის გამართვა იგეგმება.

„ჩვენ უკვე ვმსჯელობთ ჩატარების თარიღებზე. კონკრეტული თარიღის დასახელება ახლა ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ იგი უახლოეს მომავალში, აგვისტომდე ჩატარდება“, - განაცხადა თიბილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

"2006 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის მთავარი საკითხი იყო, უნდა გავმხდარიყავით თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენმა მოქალაქეებმა ამ კითხვაზე დადებითად უპასუხეს. აქ რა თქმა უნდა საკითხი არ ეხებოდა იმას, რომ გვსურდა რუსეთისგან დამოუკიდებლად ყოფნა, საკითხი ეხებოდა საქართველოსგან დამოუკიდებლად ყოფნას. კითხვის ფორმულირება სხვაგვარი იყო, თემცა ყველას ესმოდა, რომ რეფერენდუმის კითხვა საქართველოს უკავშირდებოდა".

თიბილოვმა, ისაუბრა იმაზეც, რომ მსოფლიოში დღეს რთული, დაძაბული მდგომარეობაა და მაგალითად უკრაინისა და სირიის ამბები მოიყვანა, მისი განცხადებით, ის ცდილობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარეში მცხოვრები მოქალაქეები დაიცვას და სწორედ ამიტომ სურს რუსეთთან შეერთება.

"ჩემი ხალხის უსაფრთხოები მიზნით, გამოვაცხადე რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე... ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ საჭიროა კონსტიტუციაში შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები, კერძოდ მე-10 მუხლში, რომელიც პრეზიდენტს მისცემს უფლებას, პარლამენტის თანხმობით რუსეთს მიმართოს თხოვნით, განიხილოს მათ შემადგენლობაში შესვლა. კონსტიტუციაში დაემატება აბზაცები, სადაც კონკრეტულად იქნება მითითებული რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთება შესაძლებელი იქნება რუსეთთან და არა სხვა სახელმწიფოსთან"

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რომ საქართველომ მომავალში ისევ მოინდომოს ძალისმიერად დაკარგული ტერიტორიის აღდგენა, თიბილოვმა ასე უპასუხა:

"ჟენევის დისკუსიებში საკითხი შემდეგნაირად წარვადგინეთ: სამხრეთ ოსეთი აფხაზეთთან ერთად ცდილობს მიაღწიოს საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებას, რომ საქართველომ ჩვენი რესპუბლიკების წინაღმდეგ შეიარაღებული ძალები ისევ არ გამოიყენოს. მზად ვართ დავიცვათ ჩვენი რესპუბლიკა. 2008 წელს ჩვენმა არმიამ სამხრეთ ოსეთი საქართველოს თავდასხმისგან დაიცვა და ახლაც, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა" - განაცხადა ინტერვიუში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა.

წყარო

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)