"ამ ჩანაწერებს ვიღაც პათოლოგები აკეთებდნენ... რომ მცოდნოდა, შეიძლებოდა იქ არც ვყოფილიყავი" - კვირის პალიტრა

"ამ ჩანაწერებს ვიღაც პათოლოგები აკეთებდნენ... რომ მცოდნოდა, შეიძლებოდა იქ არც ვყოფილიყავი"

"თუ პროდასავლური ძალები გაერთიანდებიან, მოახლოებულ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" აუცილებლად დავამარცხებთ"

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესების ფონზე, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ კითხვად რჩება - რა კონფიგურაციით გავა ოპოზიცია არჩევნებზე? ამ საკითხზე "კვირის პალიტრასთან" საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებელი, კლუტურის ექსმინისტრი ნიკა რურუა საუბრობს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას პროდასავლური ძალების გაერთიანების შემთხვევაში არ გამორიცხავს:

- თუ პროდასავლური ძალები გაერთიანდებიან, მოახლოებულ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" აუცილებლად დავამარცხებთ. საზოგადოება დიდი ხანია მიხვდა, რომ 2012 წელს ისინი, უბრალოდ, მოატყუეს და კოალიციას საქმის კეთება რეალურად არ შეუძლია - მათი ყველა დაპირება შეუსრულებელი დარჩა და დღეს მხოლოდ პრივილეგიებისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამიტომ ამ ძალას ხალხი ნდობას მეორედ აღარ გამოუცხადებს, თუმცა მეორე მხრივ, დროა, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან ოპოზიციაც გამოვიდეს.

- ვის მოიაზრებთ ახალ პროდასავლურ გაერთიანებაში, მითუმეტეს, რომ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა უკვე დააანონსეს?

- საბედნიეროდ, საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ქვეყნის მომავალს მხოლოდ ევროპას უკავშირებენ. მათ შორის, "თავისუფალი დემოკრატები", არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, "ნაციონალური მოძრაობა" და "რესპუბლიკელებიც", თუ ისინი კოალიციას რეალურად დატოვებენ. თუ ეს ძალები გაერთიანდებიან, არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ - პარლამენტში კი შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რომელიც დებატსა და მსჯელობაზე იქნება ორიენტირებული და ძალაუფლების უზურპაციას ვეღარ მოახერხებს.

- როგორ წარმოგიდგენიათ თუნდაც "თავისუფალი დემოკრატების" ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან გაერთიანება, რომლებიც წლების განმავლობაში დაპირისპირებულ ძალებს წარმოადგენენ, ან საზოგადოებისთვის რამდენად მისაღები იქნება "ნაციონალებთან" ალიანსში მყოფი თქვენ მიერ დასახელებული პარტიები?

- რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი? ის ოდესის გუბერნატორია და როგორც ვიცი, საქართველოში არჩევნებში ჩართვასაც არ გეგმავს. საერთოდ, პიროვნულმა ფაქტორებმა რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. შესაძლოა, გარკვეული შეცდომები დავუშვით, მაგრამ ჩვენი მმართველობისას ბევრად სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადავდგით.

- რასაც თქვენ შეცდომად აღიქვამთ, საზოგადოების ნაწილი მას დანაშაუალად მიიჩნევს, რომელიც ფაქტია, რომ დღესაც ბევრ ადამიანს აყენებს მინიმუმ მორალურ ზიანს. ვგულისხმობ, ფარულ ჩანაწერებს, ადამიანების წამების ამსახველ კადრებსა და ა.შ.

- ხელისუფლებაში ყოფნისას მსგავსი ჩანაწერების არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამ  ჩანაწერებს ვიღაც პათოლოგები აკეთებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ამ სისტემის ამოძირკვის ნაცვლად, "ქართული ოცნებაც" მას ხარბად დაეწაფა.

- არც ის იცოდით, რომ თანაგუნდელი მეგის ქარდავა ადამიანების წამებისა და შანტაჟის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო?

- ეს რომ მცოდნოდა, შეიძლებოდა იქ არც ვყოფილიყავი. პიროვნებებზე ვერ დავკონკრეტდები, მითუმეტეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავისუფალი სამყარო პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს. რატომ აქამდე არ ჩატარდა გამოძიება და რატომ არ გამოვლინდნენ ადამიანები, ვინც ეს დანაშაულებრივი სისტემა შექმნა? - იქნებ, ამ კითხვაზე გაგვცეს ხელისუფლებამ პასუხი, ვიდრე საზოგადოებაში პოლიტიკურ საფრთხობელებს შექმნის. სხვათა შორის, ეს რუსული მეთოდია და არ გამოვრიცხავ, კადრების გასაჯაროვება მომავალშიც გაგრძელდეს. რუსეთს იმედი აქვს, რომ ქართველებს სამხრეთული ტემპერამენტი გვძლევს და ერთმანეთს რადიკალურად დავუპირისპირდებით. მას ერთი სული აქვს საქართველოს როდის გაანადგურებს, თუმცა ამის საფუძველი არ უნდა მივცეთ. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას, ძალაუფლების გადამეტება იყო სახადი, რომელიც უკვე მოვიხადეთ. ნებისმიერი ხელისუფალი, რომელსაც შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს, მას ბოროტად იყენებს. ანალოგიურ გზას ადგას "ქართული ოცნებაც". " ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალაუფლება ოთხი წლის წინ დაკარგა, გავიარეთ ეს ეტაპი და ბოდვაში არ უნდა დავრჩეთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება მომავალში დაბალანსებული ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად პროდასავლური ძალებით უნდა დაკომპლექტდეს. იმედი მაქვს, არსებული მოცემულობა პროგრესულ ძალებს ნათლად დაანახებს, რომ თანამშრომლობა გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელი ფაქტორია. ერთმანეთთან კონსტრუქციულ ურთუერთობებსა და პიროვნულ თავდაუსხმელობას უნდა შევეჩვიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებში ოპოზიციური პარტიები ხმებს მხოლოდ ერთმანეთს წაართმევენ და დამარცხდებიან - ჩემი სიტყვები კარგად დაიმახსოვრეთ.

- პარტიების გაერთიანებაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია? ისიც საინტერესოა, თავად თუ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას?

- კონსულტაციები არ დაწყებულა. რაც შეეხება არჩევნებს, "ივერია" წინასწარ წასაგებად განწირულ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს - თუ პარტიები მხოლოდ ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებში დამარცხება ხელისუფლებისთვისაც სამყაროს აღსასრულთან არ უნდა იყოს დაკავშირებული - დამარცხებას ყველა პოლიტიკური ძალა ღირსეულად უნდა შეხვდეს. მთავარია, ყოველგვარ შურისძიებაზე საუბარი დასრულდეს - პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა შეგვეძლოს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)