"ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის კრიზისია" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის კრიზისია"

"დღეს საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი ამბობს, რომ მე მყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია"

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.

გამოკითხულთა 12%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, 6 % არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება”, ხოლო 11 % - ”ნაციონალური მოძრაობა”.

მეტად საინტერესო იყო კითხვაზე პასუხი თუ რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ, გამოკითხულთა 15%-მა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაასახელა, გამოკითხულთა 7%-ს ირაკლი ალასანია მოსწონს; 6%-მა - შალვა ნათელაშვილი, 5%-მა - გიორგი კვირიკაშვილი, 3%-მა კი - დავით სერგეენკო დაასახელა.

იხილეთ ასევე: ბაქრაძე - 15%, კვირიკაშვილი - 5%... - NDI მორიგი კვლევის შედეგს აქვეყნებს

NDI-ის კვლევის შედეგები პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს შევაფასებინეთ.

გია ხუხაშვილი: "მთავარი პრობლემა, რაც ახლანდელ საარჩევნო პროგრამას ახასიათებს, გახლავთ ის, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა არ ახდენს თვითიდენთიფიცირებას არცერთ პოლიტიკურ ძალასთან, ანუ ისიც რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყველა პარტიამ გადალახა ბარიერი და დააკომპლექტა პარლამენტი, ის მაინც არ იქნება ლეგიტიმური, რაც ძალიან სარისკო განვითარების წინაპირობას ქმნის პოსტსაარჩევნო პერიოდში. თვალსაჩინოა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის კრიზისია. რაც შეეხება ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას, მათი ჯამური რეიტინგი იმ ხალხშიც კი, ვინც აპირებს არჩევნებზე წასვლას, უმცირესობაშია, რაც სამწუხარო რეალობაა. ვის 15% აქვს, ვის 13% და ვიღაცა დაიწყებს, რომ 15% კი არა, 25% მაქვს, ეს ყველაფერი დეტალებია და არ არის პრინციპული, ფაქტია, რომ დღეს საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი ამბობს, რომ მე მყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია.

რაც შეეხება ბაქრაძეს, უსუფაშვილს და ა.შ. შემიძლია აქედან ერთი დასკვნა გავაკეთო, რომ დღეს არ გვყავს პოლიტიკური ლიდერები, თუ შევხედავთ მათ პროცენტულ მაჩვენებელს, დაინახავთ, რომ არცერთი მათგანი არ არის ლიდერი. საერთოდ ქვეყანაში ლიდერები აღარ არიან. ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად და აქაც არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის. ის, რომ ვიღაცა ბაქრაძეს უპირატესობას ანიჭებს, შესაძლებელია, მაგრამ ეს ხომ არ არის გადამწყვეტი? პრობლემა ისაა, რომ არავინ არის ისეთი, ვინც ბაქრაძეს ჯობია, რადგან დღეს საქართველოში პოლიტიკური ლიდერების დეფიციტია".

იხილეთ ასევე: "ნაციონალური მოძრაობა" - NDI -ს: "სარკევ, სარკევ, აბა, მითხარ, ჩემი მსგავსი სხვა ვინ არის"?!

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)