"ყველაფერს არჩევნების წინ გაიგებთ" - ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება?! (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ყველაფერს არჩევნების წინ გაიგებთ" - ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება?! (ექსკლუზივი)

სანდო წყაროს ინფორმაციით, kvirispalitra.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას უახლოეს მომავალში გეგმავს და საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ არა პარტია "ქართული ოცნების" რიგებში. ჩვენი ინფორმაციით, ის მოლაპარაკებას კონსერვატიულ პარტიასთან აწარმოებს და, სავარაუდოდ, მათ სიას ჩაუდგება სათავეში. ე.წ. "კახური დაჯგუფება" კი საარჩევნოდ ამ პარტიას დააფინანსებს.  ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ როგორც ღარიბაშვილის სიმამრთან, თამაზ თამაზაშვილთან, ასევე კონსერვატიული პარტიის ლიდერ, ზვიად ზიძიგურთან, რომელთანაც საუბარი NDI-ს სოციოლოგიური კვლევის შედეგების შეფასებით დავიწყეთ.

ზვიად ძიძიგური, კონსერვატიული პარტიის ლიდერი:

- სამწუხაროდ, საქართველო არ მიეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც კვლევები და არჩევნების შედეგები ერთმანეთს ემთხვევა. ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება დაიწყო, არ მახსოვს, რომელიმე კვლევა დამთხვეოდეს შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგებს. 2012 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ კვლევებში NDI "ქართულ ოცნებას" უწერდა 12%-ს, ნაცებს - 37%, არჩევნების შედეგად კი მივიღეთ, რომ ოცნებამ 55%, "ნაცმოძრაობამ" კი - 40% მიიღო. ეს შედეგები, რა თქმა უნდა, გარკვეული ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ყველაზე მეტად რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას, მაგრამ ციფრებთან დამოკიდებულებაში, საქმე გვაქვს უზუსტობასთან. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ NDI არის არაკომპეტენტური ორგანიზაცია, პირიქით, კვალიფიციურია, მაგრამ რატომღაც მუდმივად არის პრობლემა ციფრებთან. მის ობიექტურობაში კი არა, ყველას იმ ორგანიზაციის ობიექტურობაში ეპარება ეჭვი, რომელიც დაქირავებული ჰყავთ იმისათვის, რომ რესპონდენტების ველი, კითხვარი და ა.შ. შეადგინონ.

ამიტომ, თუ ჯიუტად გაგრძელდება იმ ორგანიზაციების დაქირავება, რომლებიც ასოცირებულები არიან "ნაცმოძრაობასთან", ალბათ NDI-ის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულებაც არასანდო იქნება.

- კვლევის შედეგად, ბაქრაძე ნომერ პირველ პოლიტიკოსად დასახელდა, მას მოსდევს ალასანია, ნათელაშვილი... ამაზე რას იტყოდით?

- არჩევნები დაადასტურებს, ხალხი რომელ ლიდერს და რომელ პარტიას ენდობა ყველაზე მეტად. ახლა ამ თემებზე ლაპარაკი ნაადრევია. დათო ბაქრაძე არის კვალიფიციური, კომუნიკაბელური პერსონა, რომელიც ხალხში გაღიზიანებას არ იწვევს, მაგრამ ამ ბოლო თვეების განმავლობაში არ მახსოვს პოლიტიკურ მინდორზე მისი ისეთი აქტიურობა, რომ ნომერ პირველ პოლიტიკოსად დასახელებულიყო. ან შალვა ნათელაშვილის რომელი აქტიურობა ახსოვს ხალხს, რიგით მესამე პოლიტიკოსად რომ დასახელდეს?

- თქვენ თუ ჩამოყალიბდით, რა ფორმით მიიღებს თქვენი პარტია მონაწილეობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში?

- ჩვენ პარტიის შიგნით, პარტნიორ პარტიებთან, პერსონებთან ვმართავთ კონსულტაციებს და როცა ჩამოვყალიბდებით, რა ფორმით ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენსავე ინტერესში შედის, საჯაროდ განვაცხადოთ ამის შესახებ.

- დღეს ბევრს ლაპარაკობენ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე. კულუარულად ამბობენ იმასაც, რომ არაა გამორიცხული, ის კონსერვატული პარტიის სიაში ვიხილოთ...

- ყველა გადაწყვეტილება, ყველაფერი, რაც ირაკლი ღარიბაშვილთან, კონსერვატიულ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან" და სხვა პარტიებთან დაკავშირებით იქნება, ამ ყველაფერს არჩევნების წინ გაიგებთ.

- არც ადასტურებთ და არც უარყოფთ... ანუ არ არის გამორიცხული თქვენი პოლიტიკური ალიანსი, არის ამაში სიმართლის მარცვალი?

- როცა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ, პირველ რიგში მასმედიას გავაგებინებთ.

- კეთილი, შეუძლებელია არ დაგისვათ კითხვა ვაჟა ლელუაშვილთან დაკავშირებით. მისი დაკავების შემდეგ, იყო საუბარი იმაზე, რომ ამ ადამიანს ქვემო ქართლში ღარიბაშვილის კლანთან ერთად ზვიად ძიძიგური მფარველობდაო. რა გაკავშირებთ მასთან?

- ამაზე ერთადერთი პასუხი მაქვს: ბატონ ლელუაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და არავითარი, სატელეფონო კომუნიკაციაც კი არ მქონია მასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ლელუაშვილი ქვემო ქართლში "დიდ საქმეებს" ატრიალებდა და მე ოპოზიციონერობის პერიოდში იქ ვსაქმიანობდი. რა ლოგიკაა იმაში, რომ მე ვინმემ მის მფარველად წარმომაჩინოს, ამას ვერ ვხვდები და არც მაინტერესებს.

- თუმცა, თავის დროზე, გავრცელდა ხმები, რომ ლელუაშვილი და ფეიქრიშვილი კონსერვატიულ პარტიაში გაწევრებას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ალიანსი რატომღაც არ შედგა.

- ჭორები მესმოდა, რომ კონსერვატორებს თემურ ფეიქრიშვილის მეშვეობით მთელ გარდაბანზე გვქონდა კონტროლი, რომ ფეიქრიშვილი იყო ჩვენი პარტიის წევრი. არც ერთი ეს ჭორი არ შეესაბამება სიმართლეს, ეს იყო მხოლოდ ჭორები და სხვა საფუძველი ამას არ ჰქონია.

ინფორმაციის გადამოწმება ექსპრემიერის სიმამრთან, თამაზ თამაზაშვილთანაც ვცადეთ.

- ბატონო თამაზ, რამდენად რეალურია მოარული ხმები თქვენი სიძის კონსერვატორებთან ალიანსზე? არ გამორიცხავენ, საპარლამენტო არჩევნებში ბატონი ირაკლი კონსერვატორების სიის პირველ ნომრად ვიხილოთ.

- არა, ეგ ყველაფერი ტყუილია, რა კონსერვატორები?!

- მაშინ, რა სტატუსით აპირებს ის პოლიტიკაში დაბრუნებას?

- არ ვიცი, აზრზე არ ვარ (ტელეფონი გათიშა).

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- დაუდასტურებელ ინფორმაციაზე რთულია კომენტარის გაკეთება. ამბავი კონსერვატორებისა და ღარიბაშვილის ალიანსის შესახებ თუ მოსალოდნელია, ეს მათი არჩევანი იქნება. საერთოდ, მგონია, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში რეინტეგრაცია ძალიან მძიმე შეცდომა იქნებოდა იმიტომ, რომ ამ ადამიანს ორი წლის განმავლობაში იმაზე მეტი ტვირთი ჰქონდა აკიდებული, ვიდრე ზიდვა შეეძლო. მას ძვირი დაუჯდა ეს ორი წელი და ძლივს მიეცა საშუალება ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ამ არჩევანს თუ გააკეთებს, ეს პირველ რიგში, მისთვის იქნება დამაზარალებელი, თუმცა ეს მისი უფლებაა. ღარიბაშვილი პოლიტიკაში ვეღარ წარმომიდგენია, ვინაიდან ეს იყო ერთი დიდი გაუგებრობა, ერთი ბნელი დიდი სიზმარი და ის ცუდად დაამთავრებს. ადამიანურად, მეცოდება ეს პიროვნება იმიტომ, რომ ეს პოლიტიკა არც მაშინ იყო მისი საქმე. იგი იყო საშუალო რანგის ჩინოვნიკი და აკეთოს მისი საქმე, რად უნდა პოლიტიკა? თუმცა მისი უფლებაა, ხომ არ ავუკრძალავ? ვინც ღარიბაშვილს ურჩევს პოლიტიკაში დაბრუნებას, არ მგონია, მისი მეგობარი იყოს. ჩემთვის ეს სასაცილო თემაა და მიჭირს კიდეც ამაზე საუბარი. ამ ქვეყანაში წარმოუდგენელი და გამორიცხული არაფერია. მე, უბრალოდ, შემიძლია მას რჩევა მივცე, თორემ შედგება თუ არა ალიანსი, ეს მისი და კონსერვატული პარტიის გადასაწყვეტია.

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)