პრეზიდენტი პრემიერის წინააღმდეგ - ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისისკენ?! - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი პრემიერის წინააღმდეგ - ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისისკენ?!

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას და მის მეთაურს 10 დღიანი ვადა ჰქონდა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებული განკარგულება პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა. პრემიერი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება.

”არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ ჩვენ დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების წარმოდგენა მოხდეს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას.

რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ასევე ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორის თუ პარტიების მხრიდან გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება, გვინდა ვთხოვოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დოკუმენტი წარმოადგინოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე იქნას განსაზღვრული. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის დღევანდელ განცხადებას უკვე უპასუხა პრეზიდენტმა, მარგველაშვილი არ ეთანხმება კვირიკაშვილს.

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მარგველაშვილი მაისის დასაწყისში გამოსცემს.

”პირველ რიგში, არჩევნების თარიღი დადგენილია - ეს არის 8 ოქტომბერი და არჩევნების თარიღის დადგენა კარგია პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოსთვის. რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა - მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან. მე დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ახლა გვთავაზობენ სხვა თარიღს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესს გავაკეთებთ - მაისის დასაწყისშივე დავნიშნავთ არჩევნებს და გამოვცემ ახალ აქტს, რომელშიც იქნება ერთი წინადადება - არჩევნები დაინიშნოს 8 ოქოტმბერს. ეს იქნება ბევრად უკეთესი ქართული საარჩევნო გარემოსთვის. მანამდე - მაისის დასაწყისამდე მთავრობას ექნება შესაძებლობა რომ ყველანაირად მოემზადოს”, - განაცხადა მარგველაშვილმა.