გიორგი კვირიკაშვილი: "არასდროს ვერიდებოდი ივანიშვილთან დებატებს" - კვირის პალიტრა

გიორგი კვირიკაშვილი: "არასდროს ვერიდებოდი ივანიშვილთან დებატებს"

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინო შეკითხვები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ და ვეცდები მაქსიმალურად ვუპასუხო. ჩვენს უკან არის 3 წელი განვლილი სამუშაოსი, რომელიც არ იყო მარტივი, ეს იყო საკმაოდ რთულ პირობებში მუშაობა. ჩვენ მოგვიხდა ბევრი ფუნდამენტური საკითხის გადაჭრა", - ამ განცხადებით დაიწყო ტელეჟურნალისტებთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კითხვა-პასუხი ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის მომავალი არჩევნების თაობაზე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის გართულებულ ვითარებას.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა მაისში დაიწყოს საარჩევნო კამპანია. არ დაგიმალავთ, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, მაგრამ არამგონია, ეს რაიმე კონფრონტაციად შეფასდეს - არ არის ასე ნამდვილად. ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ფორმატში, ზედმეტი ემოციების გარეშე ურთიერთობას. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კონსულტაციები გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობის პოზიციაა ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში არჩევნებამდე 3 თვით ადრე გადავიდეს. "ჩვენი მოწოდებაა, რომ გავაუმჯობესოთ წინა სტანდარტი, რომელიც გახლდათ 60 დღიანი სტანდარტი, როცა 60 დღით ადრე ცხადდებოდა წინასაარჩევნო პერიოდი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 8 ივლისი ყოფილიყო არჩეული, მაგრამ ვნახოთ. შემდეგი კონსულტაციების შედეგად მე მაქვს დიდი იმედი, რომ რაღაც საერთო აზრამდე მივალთ, ამიტომ ამაში ჩვენ რაღაც კონფტოტაციას არ ვეძებთ - ექსტრაორდინალური არაფერი ხდება. მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, ადამიანური ინსტიტუციური ურთიერთობის პროცესია", - განმარტა პრემიერმა.

ის პარტია "ქართული ოცნების" გადხალისებასაც შეეხო: "უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში, რომლებიც მნიშვნელოვან წვლის შეიტანენ ქვეყნის რეფორმირების და სწრაფი განვითარების პროცესებში. ეს არ გულისხმობს ვინმეს წვლილის იგნორირებას - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძველი გუნდის როლი წინა არჩევნებში, რათა საქართველოს მოეხდინა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყანაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, ცვლილებები სახეზეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ყველაფრით კმაყოფილია. "არის მიმართულებები, სადაც შეიძლებოდა მეტი გაკეთებულიყო და სწორედ ამიტომ დღეს იქნება ახალი გუნდი, ახალი ამოცანებით და დღის წესრიგით. ვფიქრობთ, ეს მეტ იმპულსს მისცემს საქართველოს შემდგომ განვითარებას. მთავარი კრიტერიუმები, რომელიც იქნება ახალი გუნდისთვის, ეს იქნება გულწრფელობა მოქალაქეებთან მიმართებაში, ეს იქნება გახსნილობა და პროფესიონალიზმი. ამ კრიტერიუმებით შეირჩევა გუნდი, რომელიც იმ მნიშვნელოვან ამოცანებს შეასრულებს, რაც დასახული გვაქვს", - აღნიშნა პრემიერმა.

"ჩემი დამოუკიდებლობის შეფასება, ალბათ, ყველაზე კარგად ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, კიდევ არაერთ სასიკეთოს გააკეთებს. რაც შეეხება ჩემს მასთან ურთიერთობას, ივანიშვილთან ყოველთვის მქონდა ღია, გულწრფელი ურთიერთობა. არასდროს ვერიდებოდი მასთან დებატებს და არაერთ საკითხზე მქონია ძალიან მწავავე კამათი - მისი მხრიდანაც არასდროს ყოფილა ეს უარყოფითად მიღებული", - განაცხადა პრემიერმა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, არც ის არის დასამალი, რომ ივანიშვილის ინიციატივა იყო მისი კანდიდატურა ყოფილიყო წარდგენილი პრემიერის პოსტზე. "მე არ ვაპირებ, ტყუილები ვილაპარაკო. ეს იყო მათ შორის იმის შედეგადაც, რომ მე არასოდეს დამიმალავს მასთან ჩემი აზრი, არც ერთ პრინციპულ საკითხთან მიმართებაში არ გამიკეთებია კომპრომისი იმ კუთხით, რომ არ მეთქვა სიმართლე. რაც შეეხება მის ჩართულობას ქართულ პოლიტიკურ მომავალში და წინასაარჩევნო პროცესში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი იქნება. ის გახლავთ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და მას აქვს მორალური უფლება, რომ საკუთარი მოსაზრებები და მხარდაჭრა გამოთქვას. ამას მემგონი ვერავინ აუკრძალავს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.