ვინ სიაში, ვინ - გარეთ? - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიების სავარაუდო კანდიდატები - კვირის პალიტრა

ვინ სიაში, ვინ - გარეთ? - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიების სავარაუდო კანდიდატები

"უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში"

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიები. განსაკუთრებით საინტერესოა ვინ მოხვდება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" სიაში. უკვე სახელდება იმ ადამიანების გვარები, ვინც პარლამენტარობისთვის იბრძოლებენ.

დიდი ალბათობით "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. მეორე ნომრად კი დავით სერგეენკო განიხილება. სიაში შესაძლოა მოხვდნენ "20/30"-ის ექსპერტები: მიხეილ დუნდუა და ლევან კალანდაძე. "ინტელექტკლუბიდან" კი - გიორგი მოსიძე და ლაშა კილაძე. გლდანი-ნაძალადევის რაიონში შესაძლოა კენჭი იყაროს ფეხბურთელმა მურთაზ შელიამ; გარდაბანში ახლახანს არჩეულმა გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა; ტყიბულის რაიონში კი - განათლების მინისტრის ახალგაზრდა მრჩეველმა ოთარ აბესაძემ. სავარაუდოდ, სიაში ვიხილავთ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს. როგორც ამბობენ, პარტია "ქართული ოცნებიდან" დღევანდელი დეპუტაციიდან ნახევარი სიაში, სავარაუდოდ, ადგილს შეინარჩუნებს. ამბობენ იმასაც, რომ პარტია "ქართული ოცნების" სიაში  შესაძლოა ვიხილოთ, ნაძალადევის ამჟამინდელი გამგებელი ზაზა გაბუნია.

საარჩევნო სიის გადახალისებაზე პრემიერმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.

"უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში, რომლებიც მნიშვნელოვან წვლის შეიტანენ ქვეყნის რეფორმირების და სწრაფი განვითარების პროცესებში. ეს არ გულისხმობს ვინმეს წვლილის იგნორირებას - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძველი გუნდის როლი წინა არჩევნებში, რათა საქართველოს მოეხდინა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყანაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საინტერესოა, გაითვალისწინებს თუ არა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, არმაზ ახვლედიანის რჩევას კვირიკაშვილი და გაუშვებს თუ არა პარტიიდან "ბებერ ნიანგებს".

"მინდა ვუსურვო კვირიკაშვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს ბებერი პოლიტიკური ნიანგებისგან პარტია და მოახერხოს ჯანსაღი, დემოკრატიულად მოაზროვნე გუნდის შემოკრება. ასეთ შემთხვევაში, მის ლიდერობას პარტიაში აზრი ექნება, ყველა სხვა შემთხვევაში კი, ეს იქნება ისევ მოჯადოებულ წრეზე ყოფნა. ნიანგები საკუთარ თავს მარტივად ამოიცნობენ".

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიას, სავარაუდოდ, პარტიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება. განახლებულ საარჩევნო სიაში კი შეაძლოა ვიხილოთ: ზაზა ბიბილაშვილი, ოთარ კახიძე,  გიორგი ტუღუში, ასევე ეკა ტყეშელაშვილი და ელენე ხოშტარია, ასევე ეროვნული ბანკის ორი ყოფილი პრეზიდენტი: რომან გოცირიძე და გიორგი ქადაგიძე,

მიხეილ დუნდუა, "20/30"-ის ეკონომიკური ექსპერტი:

"ჯერჯერობით საარჩევნო სიაში ყოფნა ჩემთვის არავის შემოუთავაზებია. ნებისმიერ წინადადებას მაშინ განვიხილავ, როცა შემომთავაზებენ, იქამდე უბრალოდ არ ვიფიქრებ ამ თემაზე".

მიხეილ მაჭავარიანი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

"რა თქმა უნდა, დათო ბაქრაძე არის საარჩევნო სიის პირველი ნომრის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი. დანარჩენ კანდიდატურებს ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. ჩვენი პარტიული გადაწყვეტილება ასეთია, რომ ვიდრე პოლიტსაბჭო არ ჩატარდება და მოლაპარაკებები არ დასრულდება, არაფერი დავადასტუროთ. პოლიტსაბჭო კი აღგომის შემდეგ გაიმართება".

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)