"ბატონმა ივანიშვილმა ქურდულად 4 ჰექტარი წაართვა ბოტანიკურ ბაღს და მიიერთა თავის რეზიდენციაზე, სადაც ის ცხოვრობს" - კვირის პალიტრა

"ბატონმა ივანიშვილმა ქურდულად 4 ჰექტარი წაართვა ბოტანიკურ ბაღს და მიიერთა თავის რეზიდენციაზე, სადაც ის ცხოვრობს"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა და თავის რეზიდენციას მიუერთა.

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრმა ირაკლი აბესაძემ "ფეისბუკში" გაავრცელა განცხადება და დაამატა, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტებია.

"ბიძინას თავხედობა, სიხარბე და ,,ქართული ოცნების", თბილისის მერიის მონური მორჩილება უსაზღვრო აღმოჩნდა:

1. ივანიშვილმა ნარმანიას ხელშეწყობით მიისაკუთრა ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 40 000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი.

2. ამ და მიმდებარედ არსებულ ნაკვეთზე ჯამურად 390 000 კვ.მ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, აქტიური გამწვანების ზონაში დაუშვა მშენებლობა.

3. მერიას შეაცვლევინა და და გადაიტანა კრწანისი-შინდისის მშენებარე გზა, რომლის გამოც უკვე მოჭრილი და გადარგულია 550-მდე ხე, დახარჯული თითქმის 700 000 ლარი იქ არსებული გაზის მილის გადასატანად. აღმოჩნდა, რომ ბუნება გაიჩეხა და საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინას რეზიდენციის მშენებლობისთვის გათავისუფლებულიყო პოლიგონი. სხვათაშორის ადგილზე თითქოს სადაც გზის მშენებლობა გადაიტანეს დამატებით 700 ხე უნდა მოიჭრას და გადაირგოს.

მოკლედ, ბიძინამ მიიტაცა და ნადგურდება 390 000 კვ.მ ლანდშაფტური დაცვის ზონა, მათ შორის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, იჩეხება ათასობით ხე და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინამ ახალი სახლი აიშენოს. ამ კაცს მხოლოდ საკუთარი, პირადი სიხარბე ამოძრავებს და ეს უკვე ძალიან მავნებლურ, საშიშ მასშტაბებშია გადაზრდილი.

P.S. ეს ყველაფერი სამწუხაროდ უკვე დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტებია." - დაწერა ირაკლი აბესაძემ (წყარო)

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, მთლიანად მერია და საკრებულო ჩართულია, რომ ჩუმად გადასცენ ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული ტერიტორია.

როგორც მელიამ აღნიშნა, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ბიძინა ივანიშვილმა უკანონოდ გაათავისუფლა და მის ნაცვლად, ბათუმიდან ჩამოიყვანა ბოტანიკური ბაღის დირექტორი, რომელმაც მწვანე კონცხზე ივანიშვილს ტერიტორია ისე მიჰყიდა, რომ ხმა არ ამოიღო. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, საქმეში არსებობს მისი წერილობითი თანხმობა.

დღეს გვაქვს დადასტურებულად მონაცემები, რომლის საფუძველზეც ბატონმა ივანიშვილმა მალულად, ქურდულად 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა თბილისის ბოტანიკურ ბაღს და მიიერთა თავის რეზიდენციაზე, სადაც ის ცხოვრობს. ეს ყველაფერი გააკეთა იმ კომპანიის სახელზე, რომელზეც რეგისტრირებულია მისი ბიზნესცენტრი. ეს დადასტურებულია. გარდა ამისა, თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა გაშენებულიყო კრწანისი-შინდიდსის დამაკავშირებელი ახალი გზა, ამ სამუშაოების ფარგლებში 540 ხე გაიჩეხა, გადატანილი იქნა ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენის მილი, რაზეც მერიამ 700 000 ლარი დახარჯა და უახლოეს პერიოდში სერიოზული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, დღეს გავიგეთ, რომ აქ გზა აღარ გავა. ამ ტერიტორიას ”თათი დაადო” ბიძინა ივანიშვილმა, მერიამ აუქციონი გამოაცხადა, რომელიც 3 მაისს სრულდება და ამ ტერიტორიის შემძენი ვინ თუ არა ბიძინა ივანიშვილი გახდება”, - განაცხადა მელიამ.

ბოტანიკურ ბაღში მყოფ "ნაცმოძრაობის" წევრებსა და ბოტანიკური ბაღის დირექტორს, თამაზ დარჩიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათ შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოტანიკურ ბაღთან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე მივიდნენ და ბაღის გარკვეული ტერიტორიის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით მის მიერ გაცემულ წერილზე პასუხი მოსთხოვეს.

”შენ ხარ ძალიან დიდ შარში. ამაზე აგებ პასუხს. შენი წერილი არის თუ არა ეს?”, - მიმართა მელიამ დარჩიძეს.

თავის მხრივ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა მას წერილის ”კარგად წაკითხვა” ურჩია.

”წაიკითხე რა წერია წერილში. წერილში წერია, რომ ბოტანიკური ბაღი თანახმაა საზღვრის კორექტირებაზე ფართის უცვლელად, რათა ბაღს მიეცეს მისი კოლექციის განვითარების შესაძლებლობა. ქვაღორღიან, აუთვისებელ ტერიტორიაში, სადაც 100 წელია კაცს ფეხი არ დაუდგამს, ჩვენ გავცვალეთ ხეხილის მცენარეთა კოლექცია”, - აღნიშნა დარჩიძემ, რასაც მელიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: ”რას იძახით, რომ ბიძინა ივანიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ?”

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. ეს უკანასკნელი დადებითად და ბაღისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბაღის ტერიტორიის საერთო ფართობის უცვლელად, საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშული გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ხანგრძლივი კონსულტაციის შედეგად მიიღეს.

ფართის კორექტირებით ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, შემოუერთდა მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ვაკე-ტერიტორია თაბორის მთაზე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გაშენებულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია, მიმდებარე ტერიტორიას ბაღის თემატური განვითარებისათვის დიდი პოტენციალი გააჩნია. გარდა ამისა, შემოერთებული ტერიტორიით ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშრდება “კრწანისი-შინდისის” ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. ასევე, თაბორის მთაზე მოეწყობა ახალი ტურისტული მარშრუტი. რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბოტანიკური ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფართის კორექტირებით ბოტანიკურმა ბაღმა შემოიერთა მცენარეთა კოლექციის გაზრდისათვის ხელსაყრელი, ნაყოფიერი და საპარკე ნაწილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც ხელს შეუწყობს ბაღის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურ განხორციელებას.

ვთხოვთ ჩვენს თანამოქალაქეებს საკითხის შეუსწავლელად, ზედაპირულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გამოიტანენ დასკვნებს, რადგან ამ საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირებით და თემის ხელოვნური აქტუალიზაციით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და განვითარების პერსპექტივა.

ნებისმიერ მხარეს განცხადების გაკეთებამდე ჩვენთვის, რომ მოემართა ავუხსნიდით, რომ ბოტანიკური ბაღისთვის ეს გაცვლა ძალიან მომგებიანი და სასარგებლოა, რაც ტერიტორიების უბრალო დათვალიერებითაც კი ნათელად ჩანს.

ვიდეო