"რუსეთი სომხეთის განვითარების მუხრუჭია" - ერევანი ლავროვს საპროტესტო აქციით დახვდა - კვირის პალიტრა

"რუსეთი სომხეთის განვითარების მუხრუჭია" - ერევანი ლავროვს საპროტესტო აქციით დახვდა

"რუსეთს, ჩვენ მხოლოდ სამხედრო ბაზებისთვის ვჭირდებით"

"კარგად ვიცი საქართველოს ისტორია - რუსეთი აფხაზეთის ომისასაც ასე აკეთებდა, ორივე მხარეს ამარაგებდა იარაღით და საბოლოო ჯამში მხოლოდ თავად დარჩა მოგებული... ჩვენც იგივე გველოდება, თუ არ გამოვფხიზლდებით"

"ლავროვ,  წადი"! "ხელები შორს მთიანი ყარაბაღი"! "არა რუს სამშვიდობოებს"! "რუსეთო, ოკუპანტი ხარ! წადი სომხეთიდან", - ამ ოთხი დღის წინ სწორედ ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დახვდნენ ერევანში, რუსეთის საელჩოს წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომლის ერევანში შეხვედრების მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იყო. ამავე საკითხთან დაკავშირებით აპრილის დასაწყისში ლავროვი ბაქოსაც სტუმრობდა.

სომხეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა 25 აპრილს, ერევანში ავტობუსის აფეთქების შემდეგ. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა პოლიციას უშიშროების ზომების გამკაცრება მას შემდეგ დაავალა, რაც ერევანში ავტობუსის აფეთქების შედეგად ორი მგზავრი დაიღუპა, შვიდი კი - დაიჭრა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. სომხეთის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ჯერ ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, რომ ეს წინასწარ განზრახული აფეთქება იყო, თუმცა ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი საპოროტესტოდ განწყობლი ადამიანებისთვის ირიბი მინიშნებაც იყო...

სომხური საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა დიდი ცვლილების დასაწყისი იყოს. ამის მიზეზი ბევრი რამეა, თუმცა უმთავრესი რუსეთის ქმედება, რომელიც ორმაგ თამაშშია ჩართული. რადგან თუ ის სომხეთს პარტნიორად მიიჩნევს, აზერბაიჯანზე იარაღს არ უნდა ჰყიდიდეს. ასევე, მათი აზრით, კონფლიქტის დარეგულირების რუსეთის სამშვიდობო გეგმა აზერბაიჯანისთვის გარკვეული ტერიტორიების შესაძლო გადაცემას ითვალისწინებს.

ერევანში რამდენიმე სომეხ აქტივისტს დავუკავშირდით და მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

მარტინა აიროსიანი, სტუდენტი:

- აქ უკვე ყველას ესმის, რომ რუსეთი სომხეთის განვითარების მუხრუჭია. სომხეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნააა - აქ კორუფცია ისევ ჩვეულებრივი რამ არის, სამოქალაქო განათლება კი ძალიან დაბალია, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების ბრალია, რომელიც ამდენი წელი კოჭს უგორებდა რუსეთს.

მათი არგუმენტი ამაზე ასეთია, რომ სომხეთს არ აქვს ისეთი ბუნებრივი რესურსები, როგორც საქართველოს, ჩვენ არ გვაქვს ზღვა და ამიტომ ტურისტებისთვის და საერთოდაც, საერთაშორისო საზოგადოებისთვის უინტერესო ქვეყანა ვართ. ასევე, არ გვაქვს, გეოსტრატეგიულად მნიშველოვანი მდებარეობა...  საინტერესოა, აქამდე როგორ მოვიდა სომხეთი ისე, რომ, არავის გადაუყლაპია?! მათივე თქმით, ჩვენ მეზობლად გვყავს მტრები: თურქეთი და აზერბაიჯანი და ასეთ ვითარებაში მყოფ სახელმწიფოს აუცილებლად სჭრდება ისეთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, როგორიც რუსეთია. ამასობაში კი, ამდენწლიანი ტყუილში ცხოვრებამ თავისი შედეგი გამოიღო - ჩვენ არ გვაქვს სრულფასოვანი საგანმანათლებლო სისტემა, დამოუკიდებელი ეკონომიკა და რაც სახელმწიფოსთვის მთავარია, დამოუკიდებელი მართვის სტილია. ზოგჯერ მგონია, რომ ისევ იმ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობ, რომელიც ჩემი მშობლებისგან მსმენია... ყველაფერთან ერთად, ეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ ტერიტორიებს გვართმევს და ყარაბაღის კონფლიქტით ხელით მოთბობას ცდილობს. აქ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიუმრის ბაზაზე არებული არსენალიდან აპირებდნენ აზერბაიჯანული მხარისთვის იარაღის მიყიდვას... საკმარისია! ჩვენ არ გვჭირდება მიზეზები, ჩვენ შედეგი და უკეთესი ცვლილებები გვჭირდება...

ლეონ აგინესიანი, პროტესტანტი:

- ჩვენი პროტესტის მიზეზი, მხოლოდ ყარაბაღის თემა არ არის, ის ერთ-ერთია იმ ბევრ პრობლემას შორის, რომელიც რამდენიმე წელია გვახრჩობს და განვითარების საშულებას არ გვაძლევს... სინამდვილეში, რუსეთს, ჩვენ მხოლოდ სამხედრო ბაზებისთვის ვჭირდებით. ამას უკვე ყველა ხვდება აქ, მაგრამ უფროსი თაობის ხალხი ჯერაც არ გვაძლევს თვალის გახელის უფლებას, მათ ეშინიათ... შარშან დავამთავრე უნივერსიტეტში სწავლა. მეგონა, ჩემს ქვეყანას ჩემი ცოდნით გამოვადგებოდი, უკეთესი ქვეყნის მომავალს შევქმნიდი, მაგრამ აქ ისევ ჩამყაყებული საბჭოთა კავშირია და ყველაფერი ისევ კორუფციულად წყდება, - ცოდნა და გამოცდილება არავის სჭრდება. მეც, ისევე მომიწევს ქვეყნიდან პურის საშოვნელად წასვლა, როგორც მამაჩემსა და ჩემს ბიძებს მოუწიათ. რუსეთისთვის ჩვენ იაფი მუშა ხელი ვართ და ქვეყნის დაცლის ტენდენციას თანდათან ვეგუებით... ამასობაში კი, მიწებსაც ვკარგავთ. რუსეთს, თავის სასარგებლოდ არანაირ გარიგებაზე წასვლა არ უჭირს, კარგად ვიცი საქართველოს ისტორია - რუსეთი აფხაზეთის ომისასაც ასე აკეთებდა, ორივე მხარეს ამარაგებდა იარაღით და საბოლოო ჯამში მხოლოდ თავად დარჩა მოგებული... ჩვენც იგივე გველოდება, თუ არ გამოვფხიზლდებით.

ახალგაზრდებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ უფროსი თაობის ადამიანებს.

რობერტ მამკონიანი, ერევნის მცხოვრები:

- ახალგაზრდებს არ ესმით რეალობა, ისინი ყველაფერს სხვანაირად უყურებენ. მათ არ ესმით, რისი გაკეთება შეუძლია თურქეთს... მათ ხშირად ვახსენებ თურქეთის მიერ განხორციელებულ გენოციდს, რაზეც მათ პასუხი არ აქვთ... ამის მიუხედავად, რუსეთის მიმართ საპროტესტო მუხტი იზრდება, რაც ძალიან სახიფათოა. ახალგაზრდებს ვიღაც ურევს ტვინს... კიდევ კარგი, გვერდით გვყავს რუსეთი, თორემ ახლა სულ სხვანაირი სიტუაცია იქნებოდა, - ჩვენ რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ ვიყოთ, ერევანში სერგეი ლავროვი არ ჩამოვიდოდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)