"უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, მერაბიშვილი და უგულავა უნდა გათავისუფლდნენ" - "ევროპის სახალხო პარტიის" ულტიმატუმი?! - კვირის პალიტრა

"უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, მერაბიშვილი და უგულავა უნდა გათავისუფლდნენ" - "ევროპის სახალხო პარტიის" ულტიმატუმი?!

"საქართველოს ხალხის და ქვეყნის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე"

"საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე პოლიტპატიმრები ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა", - ამის შესახებ "ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა იაცეკ საირუშ ვოლსკიმ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც "სახალხო პარტიის" დეპუტატმა აღნიშნა, EPP მოითხოვს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხი არჩევნების დასრულებამდე გადავადდეს. "ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, თუმცა საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ არღვევს ევროპულ სტანდარტებს. ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებას. მაგალითად, როგორიც არიან: ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ასევე თბილისის ყოფილი მერი. ასევე, ადგილი აქვს დამოუკიდებელი ტელევიზიის, "რუსთავი 2"-ის შევიწროებას. ასე რომ, ვიდრე უვიზო რეჟიმი ამოქმედდება და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, საქართველომ ეს სტანდარტები უნდა გააუმჯობესოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურებს საქართველო უვიზო რეჟიმს. ამისთვის კი უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამასვე ვითხოვდით უკრაინისგან, როდესაც ვითხოვდით იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას. ჩვენ ვითხოვთ მერაბიშვილისა და უგულავას გათავისუფლებას. ასევე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას", - განაცხადა EPP-ის წარმომადგენელმა იაცეკ საირუშ ვოლსკიმ, რომლის თარგმანიც ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.

ვოლსკის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთიერთობების კომიტეტის თავმჯდმარემ ზვიად კვაჭანტირაძემ უპასუხა. მისი თქმით,  დღევანდელი განცხადება არ არის ევროპარლამენტის დეპუტატებისა და ევროსტრუქტურების პოზიცია და ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. "საქართველოს ხალხის და ქვეყნის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ბატონი ვოლსკის დღევანდელი საქციელი საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ის, რასაც ბატონი საირუშ ვოლსკი ამბობს, არის აბსოლუტური სიცრუე და მისი პირადი განწყობა, პირადი პოზიცია და ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცი, რომ ეს არ არის ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების ოფიციალური პოზიცია. რაც არ უნდა მოინდომოს საირუშ ვოლსკიმ და მისნაირად ანგაჟირებულმა ოპონენტებმა, ისინი თავიანთ საწადელს ვერ მიაღწევენ," - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

"ინტერპრესნიუსი"