ვინ არიან "ხელისუფლების ნარჩენები"? - როგორ "შეამკეს" ერთმანეთი ავთანდილ ბერიძემ და მედეა ვასაძემ - კვირის პალიტრა

ვინ არიან "ხელისუფლების ნარჩენები"? - როგორ "შეამკეს" ერთმანეთი ავთანდილ ბერიძემ და მედეა ვასაძემ

"ავთანდილ ბერიძის უპირველესი დანიშნულებაა სხდომის ჩატარება და ნუ ითვლის თითებზე, ვინ „ნაციონალია“, ვინ მიტმასნილია და ვინ მოტმასნილი"

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და მისი ყოფილი თანაგუნდელი, დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე ერთმანეთს „ნარჩენებს“ უწოდებენ. დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კვორუმი არ შედგა, დეპუტატებმა კი ჟურნალისტებთან განცხადებების გაკეთება დაიწყეს.

როგორც ჟურნალისტებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ განუცხადა, „ეს არანორმალური პროცესია, რადგან დარბაზში მყოფმა დეპუტატებმა რეგისტრაცია პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე არ გაიარეს“. კომენტარის დროს დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ ავთანდილ ბერიძის მიმართ რეპლიკის სახით თქვა, რომ „ხელისუფლების ნარჩენები დარჩნენ“, რასაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კომენტარით უპასუხა და აღნიშნა, რომ მედეა ვასაძეც „ნარჩენებს“ შორისაა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „მიეტმასნა“.

„რაც შეეხება ნარჩენებს, ჩვენ ვხედავთ აგერ ძალიან ბევრია ეს ნარჩენები და ზოგი ნებაყოფლობითაა ამ ნარჩენებში გადასული. ესაა ცუდი და მიუღებელი, ნებაყოფლობით რა მინდა იმ ნარჩენებში, ვიქნები ლამაზად და გამართულად. სიტუაციას ამ შემთხვევაში მართავს ის 11 დეპუტატი, ამათგან ექვსი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომლებსაც მიეტმასნა რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც იმ ჭკუაზე დადიან, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ჩემი თანაგუნდელების ნაწილი“, - აღნიშნა ავთანდილ ბერიძემ.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე მედეა ვასაძემ. მისი თქმით, „თავმჯდომარესთან კონფრონტაციაში შესვლა არ უნდოდა“, თუმცა, როცა „მიტმასნილს“ უწოდებენ, ის საპასუხოდ აცხადებს, რომ „ხელისუფლების ნარჩენები ისინი არიან “.

როდესაც თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვიღაცაზე ან რაღაცაზე მიტმასნილი ადამიანები ვართ, მე ვამბობ, რომ ესენი არიან ხელისუფლების ნარჩენები. ავთანდილ ბერიძის უპირველესი დანიშნულებაა სხდომის ჩატარება და ნუ ითვლის თითებზე, ვინ „ნაციონალია“, ვინ მიტმასნილია და ვინ მოტმასნილი. არ უნდა სხდომის ჩატარება, უხარია, კარგ ხასიათზეა, ხტუნავს კაცი ზამბარასავით, რომ სხდომა არ შედგა“, - აღნიშნა მედეა ვასაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭო კვორუმის უქონლობის გამო უკვე მეხუთედ ვერ შეიკრიბა. სხდომაზე კანონმდებლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა რეგისტრაცია მხოლოდ 10-მა დეპუტატმა გაიარა, მაშინ როცა, კვორუმისთვის მინიმუმ 11 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო.

"ინტერპრესნიუსი"