"ვაფრთხილებთ ნარმანიას და ივანიშვილს, რომ გამოიჩინონ გონიერება" - "ნაცმოძრაობა" 3 მაისამდე აქციებს წყვეტს - კვირის პალიტრა

"ვაფრთხილებთ ნარმანიას და ივანიშვილს, რომ გამოიჩინონ გონიერება" - "ნაცმოძრაობა" 3 მაისამდე აქციებს წყვეტს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, "ნაცმოძრაობა" 3 მაისამდე საპროტესტო აქციებს წყვეტს.

როგორც თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციაზე მელიამ განაცხადა, 3 მაისის აუქციონი იქნება წითელი ხაზი. მისი თქმით, თუ აუქციონი ჩატარდება და 29 ჰექტარი ბიძინა ივანიშვილს გადაეცემა, ამას მოჰყვება უკიდურესად მწვავე საპროტესტო აქციები.

აქციები იქნება უკიდურესად მწვავე. ჩვენ ვაფრთხილებთ ნარმანიას და ივანიშვილს, რომ გამოიჩინონ გონიერება. 3 მაისს ვაწესებთ წითელ ხაზად. თუ არ იქნება ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული, პროტესტი მიიღებს უმწვავეს სახეს“, - განაცხადა მელიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა და თავის რეზიდენციას მიუერთა. გარდა ამისა, როგორც პარტიის წევრმა ნიკა მელიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელზეც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა უნდა გაკეთებულიყო, მერიამ აუქციონი გამოაცხადა, რომელიც 3 მაისს დასრულდება და "მისი შემძენი ბიძინა ივანიშვილი გახდება".

იხილეთ ასევე: "ბიძინას ბოტანიკური" - აქცია და დაპირისპირება თბილისის მერიასთან