"ლენინელები და სტალინელები ჩვენთან არ მეგულება" - რას პასუხობს ვოლსკი უსუფაშვილს - კვირის პალიტრა

"ლენინელები და სტალინელები ჩვენთან არ მეგულება" - რას პასუხობს ვოლსკი უსუფაშვილს

"საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიცია და გვიშლის ხელს"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ ”მცირე პრობლემას” ხედავს. ბრიუსელში ვიზიტით მყოფი უსუფაშვილი ჟურნალისტებს ამ სამ პრობლემაზე ესაუბრა.

მისი თქმით, სამიდან ერთ-ერთი ”ქართული ოცნების” არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს” უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება.

არის სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. პირველი ეს არის ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში. ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და არა საქართველოს მიერ, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე. მეორე მცირე პრობლემა, რაც გვაქვს, ეს არის ყოფილი ხელისუფლების, სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა რომ ევროპარლამენტში, კერძოდ ”სახალხო პარტიის” წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეს იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს და მესამე მცირე პრობლემა, რომელიც ჩვენ გაქვს არის ის, რომ ”ქართული ოცნების” ზოგიერთი არც თუ ნორჩი ლენინელი თუ სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ბევრი მათი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამივე მცირე საკითხს გავუმკლავდეთ სათანადოდ”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, უშუალოდ მათ გუნდში ლენინელები და სტალინელები არ ეგულება.

”ზოგი ”ნორჩებს” გვიწოდებს, ზოგი ”ხანშიშესულებს”. არ ვიცი - ლენინელები და სტალინელები ჩვენთან არ მეგულება. გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის, სატრანზიტო და საპორტო სისტემების განვითარებისთვის და ა.შ თუმცა მეორე მხრივ, რასაკვირველია, ნეგატიური ყურადღებაც ამ მიმართულებით გაცილებით მეტია. ე.წ. რბილი ძალა გააქტიურდა, საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპარლამენტარები იყვნენ მობილიზებულნი, ღრმად ჩაიხედონ პროცესებში და მართლაც ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ აყვნენ. გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კონტურები უკვე გამოიკვეთა და ახლა საგანგებო ბრძოლის პერიოდში ვართ,“.

"რესპუბლიკელი" დეპუტატის ლევან ბერძენიშვილის თქმით კი, პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც.

”ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქმიანად არის განწყობილი. მან დაასახელა ის პრობლემები, რომელიც გადასაწყვეტია. ეს იყო ნათქვამი იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემები. საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიცია და გვიშლის ხელს. ვისაც რა უნდა ის უყვარდეს. ეს დიდი პრობლემა მაინც არ არის, მაგრამ ევროპაში არ არის ისეთი ვითარება, როდესაც ვისაც რა უნდა ის უნდა უყვარდეს. აღქმულია, რომ თუ ,, ქართულ ოცნებაში“ არის ლენინელი და სტალინელი, მაშინ იქნება პრობლემა ბევრი მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სწორად დასახა უსუფაშვილმა ეს საკითხები და ეს გადასაწყვეტია”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.