"ირაკლი ღარიბაშვილი უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში" - კვირის პალიტრა

"ირაკლი ღარიბაშვილი უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში"

"სიის პირველი მონახაზი აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება"

გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან, რომლშიც ექსპერტი მამუკა არეშიძე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს:

-  ბატონო მამუკა, ბევრს ლაპარაკობენ პარტია "ქართული ოცნების" გადახალისებაზე.

- კარგი იქნება, პარტიამ ჩაატაროს შიდა კვლევა იმისა, საპარლამენტო დეპუტაციიდან ვის ენდობა საზოგადოება. ასე გაარკვევდნენ, ვინ უნდა დარჩეს ახალ სიაში და ვინ არა. გარდა ამისა, ვურჩევ "ქართულ ოცნებას", ის ხალხი გაიხსენოს, ვინც მის სათავეებთან იდგა. მათ შორის არიან დამფუძნებლებიც. ეს ადამიანები ოთხი წელი არავის გახსენებია და გარიყულად გრძნობენ თავს.

საჭიროა კომპეტენტური ადამიანების მოძებნა. ახსენეს რამდენიმე გვარ-სახელიც. ზოგი მომწონს, ზოგი არა. მაგალითად, ვერ მოვიწონებ სიაში იმ ადამიანის ყოფნას, ვინც გარდაბნის არჩევნებში წაგება, რომელიც გააყალბა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ლამის ჩვენ დაგვაბრალა. თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და სიის პირველი მონახაზი აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება.

ამბობენ, რომ სპორტსმენები და მსახიობები არ უნდა იყვნენ სიაში. ჩემი აზრით, სიაში შეიძლება ყველა პროფესიის ადამიანი მოხვდეს, მთავარია, მან საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა შეძლოს. იგივე მინდა ვთქვა მაჟორიტარობის კანდიდატებზეც. აქაც გადამწყვეტი უნდა იყო ის, თუ რამდენად შეუძლია მას რაიონის პრობლემების გადაწყვეტა და საპარლამენტო მუშაობა.

- გავრცელდა ვერსია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება კონსერვატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს...

- თუ ღარიბაშვილი კონსერვატორების სიის პირველი ნომერი გახდა, ეს ზვიად ძიძიგურის ეფექტიანი სვლა იქნება, თუმცა, არ ვიცი, ღარიბაშვილს რა დივიდენდებს მოუტანს. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. მან, ძალიან ახალგაზრდამ, პრემიერობა იტვირთა და ვერ ვიტყვით, რომ თანამდებობიდან მარცხით წავიდა. ვფიქრობ, საინტერესო არჩევნები გველის წინ. თუ მოხერხდა და ყველაფერი დემოკრატიულად და გაყალბების გარეშე ჩატარდა, ბევრ ძალას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ყველაფერს არჩევნების წინ გაიგებთ" - ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება?! (ექსკლუზივი)