გამოკითხულთა 75%-ს პაატა ბურჭულაძე მოსწონს - როგორია IRI-ის პოლიტიკური კვლევის შედეგები - კვირის პალიტრა

გამოკითხულთა 75%-ს პაატა ბურჭულაძე მოსწონს - როგორია IRI-ის პოლიტიკური კვლევის შედეგები

NDI-ის შემდეგ პოლიტიკური კვლევის შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა. გამოკითხვის ფარგლებში 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.

მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, 19% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რესპონდენტთა 13% დაუჭერდა მხარს - „თავისუფალ დემოკრატებს“, 8% -„ლეიბორისტულ პარტიას“, 4% - „პატრიოტთა ალიანსს“, 3% - „გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას“, 15% კი არც ერთს.

ამასთან, გამოკითხულთა 31 % არასოდეს მისცემდა ხმას „ქართულ ოცენებას“, 25% - „ერთიან ნაციონალურ მოძროაბას“, 10% - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, 8% - „მწვანეთა პარტიას“, 5% - „პატრიოტთა ალიანსს“, 5% - „ლეიბორისტულ პარტიას“, 3% - „სოციალ დემოკრატებს“, 3% - „თავისუფალ საქართველოს“, 2% -2 % კი „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“.

გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მეტად კეთილგანწყობილი ”საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის მიმართაა. ბურჭულაძეს აღნიშნულ რეიტინგში 75 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

რეიტინგში მეორე ადგილი უკავია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, რომლის მიმართაც კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 64%, მესამე ადგილზე კი ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილ იმყოფებიან, რომელთა მიმართაც კეთილგანწყობას რესპონდენტთა 60%-60% აფიქსირებს. ამის შემდეგ მოდის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 56%-იანი კეთილგანწყობით და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, რომლის მიმართაც კეთილგანწყობილთა მაჩვენებელი 54%-ს შეადგენს. ”ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოკითხულთა 50%-ის კეთილგანწყობით სარგებლობს, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიმართ კი 48%-ია კეთილგანწყობილი. 36% აფიქსირებს კეთილგანწყობას ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მიმართ.

IRI-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, მიუხედავად რუსული საფრთხისა, ქართველები დასავლეთისაკენ სწრაფვას ინარჩუნებენ.

როგორც IRI-ის კვლევაშია ნათქვამი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს პროდასავლურ საგარეო კურსს, როგორც საშუალებას, ერთის მხრივ გაუმკლავდნენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს და მეორეს მხრივ გააუმჯობესონ საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 85% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გამოკითხულთა 79 % - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ქართველები ქვეყნის მთავარ პარტნიორებად მოიაზრებენ აშშ-სა და ევროკავშირს, იმავდროულად 71% მიიჩნევს, რომ რუსეთი წარმოადგენს ქვეყნის მთავარ საფრთხეს.

მიმდინარე დაძაბულობა საქართველო-რუსეთს შორის, კერძოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფახაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების საკითხი, კვლავ ძალიან აწუხებს ქართველ ხალხს. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 77% აფასებს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას როგორც „ცუდს“ და 67% ამბობს, რომ რუსული აგრესია არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება; რუსული სამხედრო ძალები ჯერ კიდევ რჩებიან ოკუპირებულ რეგიონებში, მაშინ, როდესაც თითქმის რვა წელი გავიდა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

კითხვაზე, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს საქართველოში რუსეთთან არსებული ურთიერთობის გამო, 12% ამბობს, რომ ”ძალიან დაცულია”, 41% - ”უფრო მეტად დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე დაუცველად”, 32% - ”უფრო მეტად დაუცველად, ვიდრე დაცულად”, ხოლო 10% - ”დაუცველად”.

რაც შეეხება რუსეთთან დიალოგს, 59% სრულიად უჭერს მხარს, 24% - ნაწილობრივ, ხოლო 10 %- სრულიად ეწინააღმდეგება.

გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორც IRI-ის კვლევაშია ნათქვამი, რუსეთთან არსებული სიტუაციის გარდა, უმუშევრობის მაღალი დონე, გაუმართავი ინსფრასტრუქტურა და მზარდი კრიმინალი - ეს ის პრობლემატური საკითხებია, რომლებიც ქართველებში ზრდის პესიმისტურ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ.

გამოკითხულთა 80% ტელევიზიებს შორის რეგულარულად „რუსთავი 2“-ს უყურებს, 78% - „იმედს“, 45% - „მაესტროს“, 19% - საზოგადოებრივ მაუწყებელს, 14% - GDS-ს, 11% -„ობიექტივს“.  რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებების მიმართ ნდობას, გამოკითხულთა 48% „კურიერს“ყველაზე მეტად ენდობა, 21% -„ქრონიკას“, 7% - „მაესტროს“ ახალ ამბებს. ხოლო პოლიტიკურ თოქშოუებს შორის ყველაზე ხშირად „არჩევანს“ უყურებენ (48%), „პოლიტიკას“ - 11%, 2% კი „საღამოს თოქ შოუს“, რომელიც „ობიექტივზე“ გადის.

საქართველოში ინტერნეტით ინფორმაციის მიღების მიზნით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 20% საინფორმაციო პორტალ AMBEBI.GE-ზე შედის. ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში ჩანს.

გამოკითხვის თანახმად, 15% ინფორმაციას ინტერნეტსაიტებს შორის „ფეისბუქიდან“ იღებს. გამოკითხულთა 3% ინფორმაციის მისაღებად სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ სტუმრობს, 3% - „ნიუპოსტს“.

IRI-ის გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა 15%-სთვის საერთშორისო ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ქართული ვებგვერდებია.

იხილეთ ასევე: "მარტივი ტრიუკებით მოსახლეობას ვეღარ მოატყუებ" - რას აცხადებს კვლევებზე IRI-ს ყოფილი თანამშრომელი