"ეს გადაწყვეტილება ემსახურება ივანიშვილის ინტერესს" - რატომ დატოვა გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა"?! - კვირის პალიტრა

"ეს გადაწყვეტილება ემსახურება ივანიშვილის ინტერესს" - რატომ დატოვა გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა"?!

გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება ვაშაძემ ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

”დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და აშკარა მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის რწმენა და იმედი. აბსოლუტურად ყველგან არის უპერსპექტივობის და უიმედობის განცდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა მართავს. ჩვენი მიზანია მოქალაქეებს გავუჩინოთ პერსპექტივა და იმედი რეალური შესაძლებლობების განვითრებისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება. ეს შეუძლიათ მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას.

ნახეთ ვიდეო| რას უმხელს ხალხს "ნაციონალებიდან" წასული ვაშაძე - ყველაფერი, რასაც პარტიაში ყოფნისას არ ამბობდა...

ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა მივიღეთ, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს. ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.

უარს ვამბობ, გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება, ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნუგზარ წიკლაური და ირმა ნადირაშვილი. წიკლაურის განცხადებით, არ არსებობს არც ერთი მიზეზი და არც ერთი არგუმენტი, რომელიც გიორგი ვაშაძის ნაბიჯს გაამართლებს.

ეს გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება მიშა სააკაშვილის და ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს”, - დაწერა წიკლაურმა "ფეისბუკში".

ირმა ნადირაშვილის მტკიცებით, გიორგი ვაშაძე საპარლამენტო სიაში ადგილისთვის იბრძოდა და იმიტომ წავიდა.

არანაირი გარანტირებული ადგილი გიორგი ვაშაძეს სიაში არ ჰქონდა. (რაზეც ვითომ უარი თქვა) ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა”, - დაწერა "ფეისბუკში" ირმა ნადირაშვილმა.

ნახეთ ვიდეო| რა სიტყვებით "აცილებს" სააკაშვილი ვაშაძეს - ექსპრეზიდენტი საგანგებო განცხადებაში ხრიკებზე საუბრობს