”ნაციონალური მოძრაობიდან“ ცალკეული წევრების ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია" - კვირის პალიტრა

”ნაციონალური მოძრაობიდან“ ცალკეული წევრების ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია"

მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ვაშაძემ დატოვა, უკვე ყოფილ თანაპარტიელის გადაწყვეტილებას მოქმედი წევრები გამოეხმაურნენ.

ვაშაძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა, ამიტომ ის ახალ პარტიას ქმნის.

ვაშაძის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნუგზარ წიკლაური და ირმა ნადირაშვილი. წიკლაურის განცხადებით, არ არსებობს არც ერთი მიზეზი და არც ერთი არგუმენტი, რომელიც გიორგი ვაშაძის ნაბიჯს გაამართლებს.

ეს გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება მიშა სააკაშვილის და ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს”, - დაწერა წიკლაურმა "ფეისბუკში".

ირმა ნადირაშვილის მტკიცებით, გიორგი ვაშაძე საპარლამენტო სიაში ადგილისთვის იბრძოდა და იმიტომ წავიდა.

არანაირი გარანტირებული ადგილი გიორგი ვაშაძეს სიაში არ ჰქონდა. (რაზეც ვითომ უარი თქვა) ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა”, - დაწერა "ფეისბუკში" ირმა ნადირაშვილმა.

ნახეთ ვიდეო| რას უმხელს ხალხს "ნაციონალებიდან" წასული ვაშაძე - ყველაფერი, რასაც პარტიაში ყოფნისას არ ამბობდა...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ”ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან წასვლის თაობაზე გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას ”თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშს” უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ ივანიშვილი ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს.

მიმაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში.

ივანიშვილი დარწმუნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა, ვერ შეძლო. ამიტომ, ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრიკების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს.

ნახეთ ვიდეო| რა სიტყვებით "აცილებს" სააკაშვილი ვაშაძეს - ექსპრეზიდენტი საგანგებო განცხადებაში ხრიკებზე საუბრობს

ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შევსებისა და გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ძირფესვიანად განახლებული საპარლამენტო სიის განხილვა. შემდეგ კი ამის ჩვენი აქტივისტებისთვის, მხარდამჭერებისთვისა და მთლიანად საქართველოსთვის წარდგენა. მჯერა, რომ ამ ახალი ძალებით, განახლებული და გაძლიერებული სიით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ეს გადაწყვეტილება ემსახურება ივანიშვილის ინტერესს" - რატომ დატოვა გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა"?!