"თუ საზღვარგარეთ კადრულობენ, აქაც არის მსგავსი სამუშაო" - კვირის პალიტრა

"თუ საზღვარგარეთ კადრულობენ, აქაც არის მსგავსი სამუშაო"

"არ შეიძლება ყველაფერს მთავრობისგან და ხელის გაშვერით ელოდე"!

"ჩვენს ემიგრანტებს ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვუხსნით რეალობას"

"21-ე საუკუნის სამყარო არჩევანის საუკუნეა. არ შეიძლება, სადმე წახვიდე და შემდეგ პრეტენზია გამოხატო, რადგან წასვლა შენი პირადი გადაწყვეტილებაა... ჩვენ ემიგრანტებს ვუყვებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, საშუალო და მცირე პროექტებს ვაცნობთ, სადაც სურვილისა და დიდი შრომის შედეგად რეალურად შესაძლებელია, ადამიანს საარსებო წყარო - გაუჩნდეს", - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ემიგრაციის საკითხში მიღწევებსა და პრობლემებზე გვესაუბრა:

- უცხოეთში შეხვედრებისას სულ ვეუბნები ჩვენს თანამემამულეებს, რომ ცხოვრების მაღალი დონის შექმნა საქართველოში ყველა ჩვენგანის საქმიანობის რეზულტატი უნდა იყოს! არ შეიძლება ყველაფერს მთავრობისგან და ხელის გაშვერით ელოდე! ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა ჩვენი თავდაუზოგავი შრომით მიღწეული რეალობა იქნება!

- სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო ქართველი ემიგრანტები მძიმე მდგომარეობაში არიან... ხშირად გვსმენია უცხოეთში ქართველების ჯგუფური დანაშაულების შესახებაც. რა ღონისძიებებს ატარებთ ემიგრანტების დასახმარებლად?

- პრემიერ-მინისტრმა ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო - სახელმწიფომ თავის თავზე აიღო უცხოეთში დაღუპული ჩვენი თანამემამულეების გადმოსვენების ხარჯები. ჩვენი სამინისტრო თავს არ იზღუდავს მხოლოდ დიასპორულ ორგანიზა-ციებთან ურთიერთობით, ვხვდებით ყველას, მათ შორის, არალეგალებს, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს... ოფიციალური შეხვედრებისას ვცდილობთ დავაჯეროთ უცხოელი პარტნიორები, რომ საქართველოდან წასული ხალხი, ძირითადად, კანონმორჩილი და შრომისმოყვარეა, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ქართველი იხდის სასჯელს, არც მათ ვტოვებთ უყურადღებოდ - დაახლოებით 2 თვის წინ შევიძინეთ ახალი წიგნები და გავუგზავნეთ ავსტრიაში ჩვენს პატიმრებს.

- წინა ხელისუფლება მოუწოდებდა ემიგრანტებს, დაბრუნდით, ერთად ავაშენოთ ქვეყანაო... ზოგიერთი დაბრუნების შემდეგ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა.

- დაახლოებით 7 წლის წინ დაუძახეს ხალხს, ისინიც ჩამოვიდნენ იმ იმედით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში ყველა აუცილებელი პირობა იქნებოდა და შეეჩეხნენ აბსოლუტურად სხვა რეალობას, ბოლო დანაზოგიც დახარჯეს და დიდი გაჭირვებით დაბრუნდნენ ისევ იმ ქვეყნებში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ... ახლა ძალიან რთული იქნება დააჯერო, რომ დაბრუნდნენ, ამიტომაც ძალიან გულწრფელი დიალოგი გვაქვს ჩვენს ემიგრანტებთან. ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვუხსნით რეალობას... იმ საქმით, რითაც ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში არიან დაკავებული, საქართველოშიც შეიძლება დასაქმდე. თუ საზღვარგარეთ კადრულობენ, აქაც არის მსგავსი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს თუნდაც მესამედ შემოსავალს...

- რომელ ქვეყანაშია დღეს ყველაზე მეტი ემიგრანტი?

- ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ემიგრანტებს დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარი შემოაქვთ. ეს ქვეყნის მშპ-ს 10-12%-ია. ყველაზე მეტი ქართველი რუსეთის ფედერაციაშია, შემდეგ მოსდევს საბერძნეთი, იტალია, აშშ და ევროპის სხვა ქვეყნები... გადმორიცხვების მოცულობაც შესაბამისია. ბოლო დროს რუსეთიდან ცოტათი იკლო, რადგან იქ კრიზისია. თუმცა ეს დაბალანსებულია სხვა ქვეყნებიდან გაზრდილი გადმორიცხვებით...

- სამწუხაროდ, ქართველებს არა გვყავს ისეთი ძლიერი დიასპორა, როგორიც მაგალითად, სომხებს ან ებრაელებს სხვადასხვა ქვეყანაში...

- დიახ, ისინი უფრო კონსოლიდირებული არიან... სხვადასხვა ქვეყანაში ახალჩასულ ოჯახებს თავთავიანთი დიასპორა ეხმარება. ჩვენ ამ მხრივ ცოტა მოვისუსტებთ... თუმცა ქართველები მაინც ახერხებენ უცხოეთში ქართული კულტურის კერებისა და ღია საზოგადოებების შექმნას, ამიტომ ტრაგიკული სურათი სულაც არა გვაქვს.

- როგორი ვითარებაა ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში?

- მე გახლავართ ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის ქართულ-ფრანგული კომისიის თავჯდომარე. კომისიის წევრია ქალბატონი თეა წულუკიანიც, ასევე ჩვენი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი... მინდა ასევე გამოვყო ჩვენი ელჩის საფრანგეთში - ეკატერინე სირაძე-დელონეს მოღვაწეობა. დასკვნით წერტილამდეა მიყვანილი მოლაპარაკების პროცესი. ამჯერად ყველაფერი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრანტების შთამომავლების ოჯახებზეა დამოკიდებული, რომლებმაც თავიანთი ხელმოწერებით უნდა დაუბრუნონ საქართველოს თავიანთი მამული.

- ფერეიდნელი ქართველები საქართველოსგან მეტ ყურადღებას ითხოვენ.

- ჩვენ საკმაოდ ხშირი სტუმარი ვართ ფერეიდნული სახლისა, რომელიც საქართველოს პატრიარქის ინიციატივით დაარსდა. ისინი ყველა ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობენ. მეც ყველა ქვეყანაში გახლდით, სადაც ჩვენებურები კომპაქტურად არიან დასახლებული... მხოლოდ ირანში ვერ მოვახერხე ჩასვლა (ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო). დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ვიზიტით წავალ... 27-28 მაისს ვაწყობთ "მეორე პროფესიულ დიასპორულ ფორუმს" და ყველა დაინტერესებულ პირს ვიწვევთ! საქართველოს განათლების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წყალობით შარშან დაიშვა თურქეთში ქართული ენის სწავლება... საბერძნეთი მზად არის, საპილოტე, სასწავლო პროგრამის სახით დაუშვას ათენში ქართული ენის სწავლება.

- თქვენ ნოდარ დუმბაძის ბიძაშვილი ხართ, თვითონაც შემოქმედი... რამდენად გეხმარებათ შემოქმედება დღევანდელ საქმიანობაში?

- ძალიან მეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებისთვის თითქმის არ მრჩება დრო. ორიოდე ნაწარმოები დავწერე აეროპორტში და ბოლო ნახატი დაახლოებით ოთხი თვის წინ დავხატე... ვიდრე მინისტრი ვარ, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩემი ნახატების გამოფენა არ გაიმართება! რაც შეეხება ნოდარ დუმბაძეს, მისი ალალი ბიძაშვილი გახლავართ. მამაჩემი და ნოდარის მამა ღვიძლი ძმები იყვნენ. შესაბამისად, ოლღა ბებია ბებიაჩემია. იგი ხუთი წლის გარდაცვლილი იყო, მე რომ დავიბადე.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)