"სააკაშვილმა და ადეიშვილმა პაატა ბურჭულაძე სპეციალურად ახსენეს" - რა შანსი აქვს პოლიტიკაში გადაბარგებულ მსოფლიო ბანს?! - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა და ადეიშვილმა პაატა ბურჭულაძე სპეციალურად ახსენეს" - რა შანსი აქვს პოლიტიკაში გადაბარგებულ მსოფლიო ბანს?!

"ნაციონალები" ხელოვნურად წარმოაჩენენ ასე, თითქოს პაატა ბურჭულაძესთან ჰქონდეთ კავშირი"

ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ტემპერატურა თანდათან მატულობს, - საოპერო ხელოვნებიდან პოლიტიკაში უკვე ოფიციალურად გადაინაცვლა პაატა ბურჭულაძემ და პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" დააფუძნა. "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, არსებული ხელისუფლება საკმაოდ მკაცრად არის გაკრიტიკებული. საზოგადოების ერთი ნაწილი მსოფლიო პირველი ბანის პოლიტიკაში წასვლას სკეპტიკურად უყურებს.

ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" წევრის თამაზ მეჭიაურის თქმით, წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია: "მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმაზე ვლაპარაკობ. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის "ბანობას" აპირებს", - განაცხადა მეჭიაურმა, რომლის თქმითაც, ბურჭულაძე უფრო "ნაციონალების" სატელიტს ჰგავს.

რამდენიმე დღის წინ, ასევე სატელიტად მოიხსენია ბურჭულაძე "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებული განცხადება ძალიან გამართულად და დამაჯერებლად არის დაწერილი, თუნდაც იმ კითხვებზე, რომელიც მის მიმართ არსებობს, თითქმის ამომწურავი პასუხი გასცა... რაც შეეხება შანსსა და რესურსს, ყველა ახალ მოსულ პარტიას, რომელსაც ადამიანური რესურსი აქვს, შანსი აქვს, რადგან ჩვენი პოლიტიკა ასეა მოწყობილი. რაც შეეხება, პაატა ბურჭულაძეს, მის მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობა არსებობს. მისი მთავარი მინუსი ის არის, რომ პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების ნაწილიც ვარაუდობს, ის "ნაციონალურ მოძრაობის" პროექტია, თუმცა ამაში მე ეჭვი მეპარება. რაც შეეხება მეორე ვერსიას, რომ თითქოს მის უკან რუსეთის აჩრდილია, როგორც ვიცი, მას სულ ახლახან ამერიკასა და ევროპაში მნიშვნელოვანი ვოიაჟები ჰქონდა; ვიცი ასევე რა დონის ფიგურებს შეხვდა. თუ პაატა ბურჭულაძეს რუსეთთან კავშირები აქვს, მათ ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინებოდათ და უბრალოდ არც შეხვდებოდნენ მას.

- რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასთან" მის კავშირს, ამის დასტურად მისი ოპონენტები ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერებსაც იშველებიენ...

- დიახ, მაგრამ მგონი, "ნაციონალები" ხელოვნურად წარმოაჩენენ ისე, - თითქოს პაატა ბურჭულაძესთან ჰქონდეთ კავშირი. თუ გავიხსენებთ ინტერნეტში გავრცელებულ მასალებს, ადეიშვილისა და სააკაშვილის საუბრებს ვგულისხმობ, შთაბეჭდილება რჩება, რომ მათ პაატა ბურჭულაძე სპეციალურად ახსენეს, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს აზრი, რომ ბურჭულაძესა და "ნაციონალური მოძრაობას" შორის კავშირი არსებობს...

- ფინანსურ მხარეზე რას იტყვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის საჭირო თანხები ფონდში იქნება მობილიზებული?

- ვიცი, რომ ეს კითხვა ბევრს აწვალებს, მისი დონის ფიგურას საჭირო თანხების მობილიზება არ გაუჭირდებოდა. თუმცა, მე არ ვიცი ამ ფულის წარმომავლობა... რაც შეეხება, ადამიანურ რესურსს, ძლიერი ფიგურები მის გარშემო ცოტაა, ვგულისხმობ, ყბადაღებულ ცნობილ სახეებს, მაგრამ ფონდში არიან ადამიანები, რომელთაც კარგი ბიოგრაფიაც აქვთ და აზროვნების საინტერესო სტილიც. თუნდაც ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც საკმაოდ კრეატიული და საინტერესო ფიგურაა, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ანალიტიკოსია. ის "ექსპერტთა კლუბის" წევრია და ვნახოთ, როგორც პოლიტიკოსი, როგორ გამოამჟღავნებს თავს. თუმცა, ბურჭულაძის გარშემოც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში დაძვრებიან. თუმცა, ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. თუკი შანსებზე ვისაუბრებთ, ჩემი აზრით, ბურჭულაძის პარტიას პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს.

იხილეთ ასევე: "სააკაშვილმა ისე გამოიყვანა, რომ მან ჩამიყვანა ოდესაში" - რატომ შეხვდა პაატა ბურჭულაძე სააკაშვილს?

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)