"ქვეყანაში დეპრესია მატულობს" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში დეპრესია მატულობს"

"პოლიტიკოსი არც ჩვენი მამაა და არც - ბიძაშვილი"

ერთმანეთს "ჩიტოსანთა" კაფეში შევხვდით - ასე უწოდებს თავად სოციალურ კაფეს, სადაც ძირითადად მისი პაციენტები არიან დასაქმებულნი. თერაპევტ ნათია ფანჯიკიძესთან საუბარიც სწორედ "კამარას" შექმნის იდეით დავიწყეთ:

- ეს ჩვეულებრივი კაფე არ არის, ერთგვარი სოციალური საწარმოა, სადაც ფინანსურ მოგებაზე არავინ ფიქრობს, პირიქით, ყველა ორიენტირებულია, რომ ადამიანებმა მუშაობისა და საკუთარი თავის გადარჩენის რესურსი მაქსიმალურად გამოიმუშაონ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მძიმედ ავად არ არის, ჩვენი დახმარება მას ნაკლებად სჭირდება - ყველას აქვს რესურსი სოციუმის სრულფასოვანი წევრი იყოს. მთავარია, ამის სურვილი ადამიანს თავად ჰქონდეს.

- ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში პოლიტიკურ პროცესებს ხშირად ეხმაურებით. დებატებში თქვენი მეუღლის გამო ჩაერთეთ?

- 40 წლამდე ჩემი არსებობის შესახებ არავინ იცოდა, არც არავის "შტანგა" ამიწევია, მხოლოდ ჩემ საქმეს ვაკეთებდი. დღესაც ვცდილობ პოლიტიკაზე ნაკლებად ვილაპარაკო, მაგრამ როდესაც უსამართლობას ვაწყდები, დადუმებას ნამდვილად ვერ ვახერხებ. პოლიტიკაზე საჯაროდ პირველად ხმა მაშინ ამოვიღე, როდესაც ხუთი უდანაშაულო ადამიანი დააკავეს - ეს უსამართლო პოლიტიკური ომის დასაწყისი იყო, სადაც ადამიანების ბედით მანიპულირებდნენ. თუ იგივე უნდა გაგრძელებულიყო, აბა, რას ვებრძოდით წლების განმავლობაში? ამ უსამართლოსბი ფონზე, ჩემ პირად გვერდზე ვერ დავწერ, რომ სახლში ლამაზი ყვავილები მაქვს - არაადეკვატური ნამდვილად არ ვარ.

- ფაქტია, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება ისევ აქტუალური საკითხია. რა არის ამის მთავარი მიზეზი?

- აქსიომაა - როდესაც ოჯახის "თავი" კონფლიქტისკენაა მიდრეკილი, ის სახლშიც სიტუაციას ყოველთვის კონფლიქტისკენ განაწყობს. საქართველოს მთავრობებმაც ვერ შეიგნეს, რომ ისინი სახელმწიფოს "მეთაურები" არიან და პერსონალური ურთიერთობები თუ გარკვეული ჯგუფების მარგინალიზებისკენ მოწოდებები მათი საქმე არ არის. მათ მხოლოდ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იფიქრონ! თანაც, ცალკე ცუდი ადამიანი არ არსებოს, შესაძლოა ვიღაც დამნაშავე ნამდვილად იყოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კანონი მოქმედებს და მაღალჩინოსნების შეფასებები სულაც არ არის საჭირო. არცერთ ქვეყანაში პოლიტიკოსები კოლეგებს პირადი მოსაზრებების გამო არ ლანძღავენ. ქვეყანას თითქოს "უმამობა" სჭირს - არადა ქართველს მამის ხატი ზრდიდა და მის იდეალებს მისდევდა. დღეს რეალურად ამ კონსტრუქციის დეფიციტი გვაქვს, იდეალების გზამკვლევი აღარ არსებობს, ყველაფერმა ფორმა დაკარგა - მომატებული მგრძნობელობა სწორედ კონსტრუქციის უქონლობის შედეგია. ამ ვითარებას კი დიქტატურისკენ მიდრეკილი ადამიანები სათავისოდ წარმატებით იყენებენ, რადგან ვიღაცას მამის დეფიციტს ეკლესია უვსებს, ვიღაცისთვის კი, ის პოლიტიკური ლიდერი ხდება. ამიტომ, დროა ვისწავლოთ, რომ პოლიტიკოსი არც ჩვენი მამაა და არც ბიძაშვილი - ის დაქირავებული მოხელეა, რომელიც ჩვენ უნდა გვემსახუროს, თუ ამას ვერ გავაცნობიერებთ, ერთ წრეზე კიდევ დიდხანს ვივლით. ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს, რა იცვლება ქვეყანაში უკეთესობისკენ. სხვათა შორის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სამთავრობო პერიოდი იყო პირველი, როდესაც ქვეყანაში ომი არ მომხდარა და მმართველი გუნდი არც მძლავრ საპროტესტო აქციებს შეუფერხებია, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას უკეთესობისკენ სვლა მაინც ვერ დაანახა. არადა, ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ და თუ მთავრობა ჭკვიანურ პოლიტიკას წარმართავს და მცირე ხელშეწყობას დაგვანახებს, მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთების რესურსი რეალურად გაგვაჩნია. ეს ბოლო ოცხდახუთმა წელმაც დაგვანახა, რადგან ბევრად წინ წავედით, ვიდრე 90-იანი წლების დასაწყისში ვიყავით.

- არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკოსები სულ უფრო აგრესიულ პოლიტიკას ატარებენ. ეს მისცემს ამომრჩეველს შესაძლებლობას ოქტომბერში დაფიქრებული არჩევანი გააკეთოს?

- დიახ, ფაქტია, რომ პოლიტიკოსები საზოგადოებას თავგზას უბნევენ და ვერ გეტყვით, რამდენად შეძლებს ამომრჩეველი ამ ინფორმაიცულ დომხალში დაფიქრებული არჩევანის გაკეთებას. ყველანი უნდა დავფიქრდეთ, რა მოთხოვნები გვაქვს და სასურველი პოლიტიკური ძალა სწორედ კომპეტენციის მიხედვით შევარჩიოთ.

ქართველი ხალხი ცუდს ნამდვილად არ იმსახურებს, უბრალოდ, ის სხვა ერებთან შედარებით ბევრად მგრძნობიარე, მიმნდობი და კეთილია. ვიღაცებისგან მომისმენია, ქართველი ყოველთვის ფინანსურ რესურსს ეძებსო, მაგრამ როდესაც შვილისთვის საჭმელი არ გაქვს, როგორ უნდა მოიქცე?! საერთოდ, ქართველი ხალხი არავისთან ვალშია, ის სრულ უფლებას აძლევდა ყველა მმართველს და ყოველთვის იმედგაცრუებული რჩებოდა, ახლა კი, უბრალოდ, დაიღალა და გამოიფიტა. დღითიდღე ქვეყანაში დეპრესია და ხვალინდელი დღისადმი უნდობლობა მატულობს. როდესაც საკუთარი თავის რწმენასა და არჩევანს გართმევენ, კატასტროფაა - ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ თავად წვეტს და ირჩევს და თუ სახელმწიფოში ამის შეგრძნებას კარგავს, პირად ცხოვრებაშიც ანალოგიური ემართება. სწორედ ამიტომ ისმის ხშირად - თუ ნაცნობი არ გყავს, სამსახურს ვერ დაიწყებ, ამ ქვეყანაში ვერაფერს გავაკეთებ, საზღვარგარეთ უნდა გავიქცეთ და ა.შ. ამ ვითარებამ საზოგადოება კიდევ უფრო დააბნია - უმრავლესობამ აღარ იცის, მთავრობას რა მოეთხოვება, კომუნიკაცია გაწყდა! ჩვენი მოთხოვნების შესრულების ნაცვლად, ხალხს მუდმივ სპექტაკლს, ცირკსა და ერთმანეთის ლანძღვას მორჩილად ასმენინებენ.

- როგორც წესი, მორჩიელობას დიდი საპროტესტო ტალღა მოსდევს ხოლმე...

- ყველა ცვლილება ქართველებს დიდი აბუნტების ფასად უჯდება, რის შემდეგაც კიდევ დიდხანს ითმენს, სანამ ახალი უკმაყოფილება დაგროვდება. ჯებირებს გადასვლა საზოგადოების განვითარებისთვის ნაკლებად სასურველია, რადგან როცა ბრაზის ენერგია მართავს ადამიანის გონებას, პირველ რიგში, ანგარიშსწორების სურვილი უჩნდება მის მიმართ, ვინც გააბრაზა. ასეთი მუხტი პრაგმატულად აზროვნების შესაძლებლობასაც აქვეითებს და გადაწყვეტილებას ემოციურ ფონზე იღებ. სწორედ ამიტომ ვმოძრაობთ ერთსა და იმავე ჭრილში.

- საზოგადოებაში "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ ნდობას რამდენად გრძნობთ?

- "თავისუფალ დემოკრატებს" რეალურად აქვთ გამარჯვების შანსი, მთავარია ვინ როგორ შეიგრძნობს მათ ღირსებებს. შესაძლოა გადასარევი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ ვიღაცამ არ მიგიღოს, ესეც ნორმალური პროცესია. ხშირად ვეუბნები პაციენტს, 10 წიგნიერი თერაპევტიც რომ დაგიყენონ, მთავარი მათთან კომუნიკაციისას შინაგანი კომფორატია-მეთქი. ვფიქრობ, საზოგადოება გრძნობს ამ გუნდის კომპეტენციას, თუმცა "თავისუფალი დემოკრატები" ერთი დიდი პრობლემის წინაშე დგანან - მათ არ აქვთ ფული, შესაბამისად, არც საკუთარი ტეელვიზია, რომ სათქმელი და პრობლემების გადაჭრის გზები თითოეულ ადამიანამდე მიიტანონ. როგორც წესი, მათ სხვების დღის წესრიგით შერჩეულ თემებზე სადისკუსიოდ იწვევენ, შესაბამისად, საკუთარ ხედვებზე სასაუბროდ დრო ცოტა რჩებათ. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, მე მათი გამარჯვეის მჯერა.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)