"ჩვენ ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები"

სპორტის სასახლეში პარტია ”ქართული ოცნების” რიგით მე-4 ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს. სიტყვით გამოსვლისას კვირიკაშვილმა პარტიას მადლობა გადაუხადა ნდობისთვის.

პარტია ”ქართული ოცნების” ახალმა ლიდერმა ყოფილ თავმჯდომარეებს - ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენმა პარტიამ, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა. სულ მოკლე ხანში, დევნისა და შევიწროების მიუხედავად, ”ქართული ოცნება” ახალშექმნილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიიდან ქვეყნის მმართველ პარტიად იქცა და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა".

”დღეს, პარტიის დაარსებიდან 4 წლის თავზე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი სირთულე დავძლიეთ, და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, იმ დაძაბულ ვითარებაში თავიდან ავიცილეთ ანგარიშსწორების საფრთხე, რომლის წინაშეც რეალურად იდგა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ანგარიშსწორება. მიგვაჩნია, რომ შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა..... იყო თუ არა ეს 4 წელი უშეცდომო?! პირდაპირ გეტყვით, რომ - არა. და ეს ბუნებრივიც არის ახალგაზრდა პარტიისთვის. მაგრამ ჩვენ არც ამ შეცდომების აღიარება და არც რეალობისათვის თვალის გასწორება გაგვჭირვებია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ისეთი შეცდომა ნამდვილად არ დაგვიშვია, რომელიც ზიანს მოუტანდა ქვეყანას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, დემოკრატიული მმართველობა ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესია და პარტია "ქართული ოცნებაც" სწორედ აქეთ მიდის.

”ჩვენი პარტიის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისკენ. სწორედ ამიტომ გვაქვს გეზი აღებული ევროკავშირისა და ნატო-სკენ და ამ გეზს არ გადავუხვევთ”, - აღნიშნა პრემიერმა, რომელმაც დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებული შტატებს ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

”საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობა. ჩვენ ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობები. მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ურთიერთობის ნორმალიზაცია ვერ მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ეს არის ის, რაც არაფერში არ გაიცვლება.

"ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანებაა. ჩვენ უნდა გავხდეთ დემოკრატიული, სტაბილური და ეკონომიკურად კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩვენთან ერთად ყოფნის სურვილი. მათ უნდა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც დღეს გვაქვს, რაც მომავალში გვექნება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ევროპაში უვიზო მიმოსვლასაც ვგულისხმობ. სწორედ ასე, სიკეთითა და შერიგებით შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ძმები და გავამთლიანოთ საქართველო. ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩვენი მიზანია, შეძლებისდაგვარად საუკეთესო პირობები შევუქმნათ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, დავიცვათ მათი უფლებები და მივცეთ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება".

"ამ სამ წელიწადში, იმ მემკვიდრეობის ფონზე, რომელიც დაგვხვდა, ჩვენ შევძელით ჩვენი მოქალაქეებისათვის პირველი რიგის, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა. ჩვენი პოლიტიკის შედეგად უამრავი ადამიანი გადარჩა როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. მარტო C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამის და ათასობით გადარჩენილი სიცოცხლის ხსენებაც კი საკმარისია. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ზრუნვა და დამხარება თავისი მოქალაქეებისათვის ათეული წლები არ ყოფილა. სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა და კიდევ ბევრ სხვა სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააჩინა, რის შედეგსაც დღითიდღე უფრო დავინახავთ”, - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნების ”თანაბარ პირობებში” ჩატარების უზრუნველყოფის პირობა დადო.

”ქართული ოცნების” ახალმა ლიდერმა თანაგუნდელებს დაავალა, ხვალიდან მოსახლეობასთან ”პირდაპირი შეხვედრები” დაიწყონ.

იხილეთ ასევე: გიორგი კვირიკაშვილი პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს