აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აღდება - კვირის პალიტრა

აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აღდება

აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აღდება. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ქართულ მხარეს საშუალება ექნება ამ და სხვა ტიპის პრობლემებზე, პრობლემის მოგვარებაში ჩართულ მხარეებთან ისაუბროს. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევით, აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აღდგება და უახლოეს მომავალში გაიმართება პირველი შეხვედრა, რაც 4 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ ამ და სხვა ტიპის პრობლემები განვიხილოთ ჩართულ მხარეებთან", - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც შს მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ არა ქართული დანაყოფების პატრულირება ე.წ. საზღვრებთან, შესაძლოა, მეტი ინციდენტი მომხდარიყო. თუმცა, თალაკვაძე საჭიროების შემთხვევაში საგუშაგოების დამატებასა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლობის გაზრდასაც არ გამორიცხავს.

"თუ საჭიროა საგუშაგოების დამატება და თუ ჩვენი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებელი და აუცილებელია, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავზარდოთ კიდევ ჩვენი წარმომადგენლობა. თუმცა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ იმ ძალებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით, მოვახერხეთ ასეთი ტრაგიკული შემთხვევების პრევენცია. რადგან დღეს მაინც მოხდა ასეთი შემთხვევა, ეს კიდევ ერთხელ ხსნის დისკუსიისთვის სივრცეს, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებით მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.