"ყველა იქ მყოფი ადამიანი იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და პარტიის წევრი" - კვირის პალიტრა

"ყველა იქ მყოფი ადამიანი იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და პარტიის წევრი"

"ყველა ადამიანი დაისჯება, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა".

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მყოფი ადამიანები, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჩართვისას განაცხადა. კალაძე დარწუნებულია, რომ შესაბამისი სამსახურები, ამ ფაქტზე სათანადო რეაგირებას მოახდენენ და ყველა ადამიანი დაისჯება, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა.

"ყველა იქ მყოფი ადამიანი იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და პარტიის წევრი. რაც შეეხება ხელკეტებს, ეს "ნაციონალური მოძრაობის" საკუთრება იყო და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ არჩევნები დღეს არამარტო ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ჩატარდა და სხვა რაიონებში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, გარდა კორცხელისა.

"დღესაც დადასტურდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბატონი ბოკერიას კუთვნილი პარტიაა. პირველი ათეული, რომელიც მათ მიერ იქნა დასახელებული ცხადყოფს, რომ პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები პირი გიგა ბოკერია გახლავთ. ასევე ვაშაძის წასვლა მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის როლი პარტიაში შემცირებულია. დღეს არჩევნები არამარტო ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში გვქონდა, თუმცა, სხვა რაიონებში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ერთადერთი სოფელი იყო კორცხელი, სადაც იმყოფებოდა ბოკერია და მოხდა ეს დაპირისპირება", - განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას. შეგახსენებთ, რომ დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განცხადება გააკეთა: "საქართველოს პრეზიდენტი გმობს ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას და მოუწოდებს საზოგადოებას, გააცნობიეროს, რომ მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული, ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები.

რამდენიმე თვეში საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს. შესაბამისად, დროული და ეფექტური სამართლებრივი რეაგირება უმნიშვნელოვანესი ტესტია. გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო, რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ამ ტესტს სათანადოდ ჩააბარებენ", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი პირადად მიადევნებს თვალს პროცესის მიმდინარეობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ძალადობას, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას.