პრემიერმა ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება აღიარა - რას აპირებს ხელისუფლება ამის საწინააღმდეგოდ?! - კვირის პალიტრა

პრემიერმა ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება აღიარა - რას აპირებს ხელისუფლება ამის საწინააღმდეგოდ?!

"ადამიანებს დღეს სიტყვის თავისუფლების გამო ნარკოტიკს არ უდებენ, ციხეში არ სვამენ და ქუჩაში არ ასისხლიანებენ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ბოლო წლებში გაძლიერებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას დაუპირისპირდეს, თუმცა მისი თქმით, ამ საქმეში დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

"უკანასკნელ წლებში გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის ტალღის მიუხედავად, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას და უკუვაგდოთ მზარდი ჰიბრიდული საფრთხეები, თუმცა მხოლოდ ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. დასავლეთის მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე:

"ზოგადად, მთელ მსოფლიოში რუსულმა პროპაგანდამ იმატა, ამის პირველი მიზეზი არის ის, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია და თავისთავად ცხადია, მას გლობალურ დონეზე დასჭირდა პროპაგანდის გაძლიერება. როგორც წესი, პროპაგანდა ფართოდ იშლება, ამიტომ ის ჩვენც შეგვეხო. ამას დაემატა ისიც, რომ სააკაშვილის ხელისუფლების "დემოკრატია" ნამდვილი დემოკრატიით შეიცვალა, ადამიანებს დღეს სიტყვის თავისუფლების გამო ნარკოტიკს არ უდებენ, ციხეში არ სვამენ და ქუჩაში არ ასისხლიანებენ, ამიტომ ამ გახსნილობამ გარკვეულ ჯგუფებს უბიძგა საკუთარი პრორუსულობის გამომჟღავნებისკენ, რომელსაც თან სდევს პროპაგანდაც".

კითხვაზე რას აკეთებს ან აპირებს გააკეთოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური პროპაგანდის შესამცირებლად, სესიაშვილის პასუხი ასეთია:

"პირველი ის, რომ ამ პროპაგანდას პირდაპირ ებრძოლო და მეორე, შენი მიზნებისთვის ადეკვატური ნაბიჯები გადადგა. ჩვენ უფრო მეორე მეთოდს ვიყენებთ, უფრო მეტს ვაკეთებთ ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩვენი ნაბიჯებით უფრო ვუახლოვდებით ევროპას და არ ვიბრძვით ვიღაცასთან. ამით უფრო ვაძლიერებთ პროდასავლურობას, რაც შეიძლება ბუნებრივად კლავდეს ამ პროპაგანდას. ამ ანტიპროპაგანდულ პროცესში უნდა მოვიქცეთ არა აგრესიულად, არამედ გონივრულად და ადკევატურად".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

"ნებისმიერ პროპაგანდას სჭირდება შესაბამისი ნოყიერი ნიადაგი. სამწუხაროდ, პირველადი პრობლემა არის ის განწყობები, რაც საზოგადოებაში მწიფდება, ის კითხვის ნიშნები, რაც ისმის, პროპაგანდა კი ცდილობს ამ ყველაფრის გაძლიერებას. პროპაგანდა პასუხობს მხოლოდ მოთხოვნას, ის არ არის წმინდა პროდუქტი, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპიდან გამომდინარე, როგორც კი ჩნდება მოთხოვნა, იწყება მისი მიწოდება. კვირიკაშვილი არ არის პირველი, ვინც ამაზე ლაპარაკობს, ჩვენ ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პარტიებიც დიდი ხანია ამას იძახიან".

ხუხაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ბევრი დამცველი მექანიზმი იყო და სწორედ ამიტომ არ იყო ანტიდასავლური პროპაგანდა გაძლიერებული.

"პირველ რიგში, მედიის ძირითადი ნაწილი ხელისუფლების მხრიდან იყო მონოპოლიზებული და გაკონტროლებული, გარდა სუბიექტურისა, იყო ობიექტური მიზეზებიც. პროპაგანდა, როგორც პოლიტიკური პროცესის ე.წ. საარტილერიო მომზადება, საინფორმაციო შეტევით ხდება და ბუნებრივია არსებობს, თუმცა პროპარგანდა არა არის პირველადი, ის არის პოლიტიკური პროცესის თანმდევი და არა მიზეზი".

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ამის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ, ხუხაშვილი ასე პასუხობს:

"კომპლექსური მიდგომაა საჭირო, ანტიდასავლური პროპაგანდის 100%-იანი პრევენცია უბრალოდ შეუძლებელია. ინფორმაციის შეზღუდვა და ცენზურა ეფექტიანი იარაღი არ არის და ხშირ შემთხვევაში უკუშედეგს იწვევს. პროპაგანდა კი არ უნდა ჩაკეტო, მასთან პოლემიკაში უნდა შეხვიდე და მასზე მეტად არგუმენტირებული უნდა იყო. ხშირ შემთხვევაში საქართველოში იმდენად უხარისხოდ ხდება იგივე ნატო-ს პოპულარიზაცია და იმდენად არაპროფესიულად იქცევიან პროდასავლელი ძალები, რომ ნაცვლად იმისა, გააძლიერონ ჩრდილო-ატლანტიკური განწყობები საქართველოში, პირიქით ეჭვქვეშ აყენებენ. ეს ხდება იმიტომ, რომ როდესაც ანტი-ნატო განწყობებზე ადამიანები სვამენ კითხვებს, პროდასავლური ძალები მათ არგუმენტებით კი არ პასუხობენ, ქოქოლის დაყრას იწყებენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილის ეს განცხადება პოლიტიკური განცხადებაა ვიღაცის გასაგონად, მაგრამ თუ ეს თემა სერიოზულად აწუხებს, ბევრად უფრო მეტი დაფიქრება გვმარტებს,  ამის გადალახვა რომ შევძლოთ.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)