გოგი თოფაძე: "ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე აყვანა, არ მგონია, საჭირო იყოს" - კვირის პალიტრა

გოგი თოფაძე: "ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე აყვანა, არ მგონია, საჭირო იყოს"

"ეს ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ყველგან ხდება ასეთი რამე"

"ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს", - განაცხადა ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას "მრეწველების" ლიდერმა გოგი თოფაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის პოლიტიზირება არ შეიძლება.

"მანდ, მგონი, რაღაც კომერციული ინტერესები იყო, ასე უბრალოდ არ ყოფილა. რა მნიშვნელობა აქვს. ნახეთ რა მდგომარეობაა მეზობლებთან, აზერბაიჯანი, სომხეთი...ჩვენ გვაქვს ჩვენი პრეტენზიები. ეს ერთეული შემთხვევები არ უნდა ჩავთვალოთ რომ სისტემატურია. რამდენი ხანია, იქ არაფერი მომხდარა? მე მიმაჩნია, ასეთი ლანძღვა-გინება რუსეთის, რასაც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და პარტია აკეთებს, გამიზნულად აღიზიანებენ, არ არის სწორი. ჩვენ უნდა ვეძებოთ რაღაც კომპრომისი. თუ ჩვენ რამე შერბილება, ან თუნდაც ტერიტორიების დაბრუნებაზე შეიძლება ვიოცნებოთ, არა ომით, არა გაღიზიანებით, მაგრამ ესეც დასავლეთიდან ნაკარნახევია, რომ რაც შეიძლება დაიძაბოს ჩვენი ურთიერთობა. გავიხსენოთ სხვა შემთხვევები, როცა ქართველებმა ოსი დაჩაგრეს, გადავიდნენ იქით. ხდება ხოლმე, იქ საძოვარია... ეს ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ყველგან ხდება ასეთი რამე. ასეთი რაღაცეები მოხდება, დაძაბული სიტუაციაა, ჩვენ გვაქვს პრეტენზიები, რომ აფხაზეთი ჩვენია, იქიდან სხვა რაღაცა მოდის. ურთერთობის გამწვავებასაც ხელს უწყობენ მთელი რიგი მრჩევლები და უცხოელები. არ უნდა მოხდეს ასე. ჩემი აზრია და ჩემი თანაგუნდელების, ვეძებოთ რუსეთთან არა რუსოფილობა, არამედ რაღაც მოგვარება. ჩვენი წინაპრები გავიხსენოთ, რაღაცას ეფერებოდნენ, ყოველ შემთხვევაში დალაგებული იყო. მეორე თემაა-მართლმადიდებელი ქვეყანაა რუსეთი. ჩვენ ნახეთ რა წრეში ვართ? ალბათ ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა გვიკარნახონ ევროპელებმა. ამის პოლიტიზირება არ შეიძლება. მოხდა ფაქტი ძალიან სამწუხაროა, იმ ოჯახს ალბათ პატივი უნდა ვცეთ, რაღაც გავაკეთოთ, ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს", - აღნიშნა გოგი თოფაძემ.

მისივე თქმით, ახლოს რომ იყოს ნამდვილად მიუსამძიმრებდა მის ოჯახს, "მაგრამ ასეთი ექსცესები სულ ხდებოდა". საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. გიგა ოთხოზორიას 26 მაისს დაკრძალავენ.

იხილეთ ასევე: "ახალგაზრდა კაცი მოგვიკლეს, ორი პატარა ბავშვი დაობლდა და ჩვენ ჩუმად ვართ"

იხილეთ ვიდეო