"არ მჭირდება მკვლელი მესაზღვრე, რომელსაც თავის ფუნქცია უიარაღოსთვის ტყვიის სროლა ჰგონია" - როგორ აფასებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობას აფხაზეთში - კვირის პალიტრა

"არ მჭირდება მკვლელი მესაზღვრე, რომელსაც თავის ფუნქცია უიარაღოსთვის ტყვიის სროლა ჰგონია" - როგორ აფასებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობას აფხაზეთში

"როდესაც გაგიჭირდათ, ოჯახის წევრის გადასარჩენად თბილისში ჩასვლის სითამამე გეყოთ, ახლაც უნდა გეყოთ ნამუსი და ხმა ამოიღოთ"!

"ვატყობ, საქართველოში დახმარების მისაღებად კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ჩასვლა და თქვენი დუმილი უხერხული ხომ არ არის"?

19 მაისს, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე,  მშვიდობიანი მოქალაქის, უიარაღო გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ საქართველოში გულგრილი არავინ დატოვა. ქართული საზოგადოება ხელისუფლებისგან ქმედით და დროულ რეაქციას ითხოვს... ამ დანაშაულს მართალია, ძალიან ცოტა ადამიანისგან, მაგრამ მაინც მოჰყვა პროტესტი აფხაზეთშიც. მათი ნაწილი აფხაზ საზოგადოებაში ცნობილ ადამიანებს - ავტორიტეტებს მეტი აქტიურობისკენ სოციალური ქსელებით მოუწოდებს:

მირანდა შუმენია, სოხუმელი აფხაზი:

- სირცხვილია, როდესაც აფხაზეთის საზოგადოებრივი ავტორიტეტები ქართველის მკვლელობაზე ხმას არ იღებენ... თქვენ, არც ისე დიდი ხნის წინ, თბილისში ბრძანდებოდით და იქიდან დაბრუნებული მადლიერებით აღსასვე პოსტებს წერდით. თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ, თქვენ, ჩვენ და კიდევ ძალიან ბევრ აფხაზს მოუწევს იქ ჩასვლა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლის გადარჩენისთვის დახმარების მისაღებად და თქვენი დუმილი, უხერხული ხომ არ არის? რა მნიშვნელობა აქვს, მოკლული ქართველი 30 წლის ახალგაზრდა ნასვამი იყო თუ არა, ან რა მნიშვნელობა აქვს აფხაზმა მესაზღვრემ აფექტის მდგომარეობაში ესროლა, თუ - არა; ფაქტია, რომ ახალგაზრდა კაცი მოკლეს და ოჯახი დაობლდა. თქვენ, ბატონებო და ქალბატონებო, როდესაც გაგიჭირდათ, ოჯახის წევრის გადასარჩენად თბილისში ჩასვლის სითამამე და ნამუსი გეყოთ, ახლაც უნდა გეყოთ სითამამე და ნამუსი და ხმა ამოიღოთ, რათა შემდეგ, თბილისში ჩასულები თქვენს სინდისთან და იმ ქართველებთან იყოთ მართლები; იმათთან, ვინც იქ თქვენიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს გულშემატკივრობს; ხომ ამბობდით, რომ ქართველი ერი შეცვლილია, ჩვენი, საკუთარი თავის და იმ წარსულის მიმართ, რომელიც 90-იანი წლების ომის დროს ერთად გავიარეთ. გვახსოვს, თქვენი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მეზობელი ქვეყანაა და მასთან ოდესმე რაღაც ფორმით მოგვიწევს ურთიერთობა. ახლა დუმხართ. რატომ? არ არის ეს დღეს პოლიტიკურად მომგებიანი?! არადა, თქვენს მიერ რუსეთის ორმაგ სტანდარტებში დადანაშაულებაც გვახსოვს და თქვენც იგივეს აკეთებთ!

ირაკლი თარბა, სოხუმელი აფხაზი:

- აქ თქვეს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამა აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და შემდეგ ომის დროს მიღებული ჭრილობებით გარდაცვლილა... მაგრამ ეს მის შვილს არ ამართლებს. მე არ მჭირდება მკვლელი მესაზღვრე, რომელსაც თავის ფუნქცია უარაღოსთვის ტყვიის სროლა ჰგონია. ჩვენ ხომ ვიცით, რა რაოდენობით ქართველები დაუკავებიათ გაუმართავ დოკუმენტაციაზე და სოხუმის იზოლატორში გადაუყვანიათ... ქართული პასპორტებით სოხუმში უპრობლემოდ შემოსული ქართველებიც გვინახავს. ვიცით, რომ ქრთამით გამყარებული ადამიანური ურთიერთობები ზოგჯერ კანონსაც მშვენივრად უვლის გვერდს... ასე რომ, რაც უნდა არაპოპულარულად ჟღერდეს ჩემი სიტყვები, - მე მკვლელობაში ბრალდებულის კანონის სრული დაცვით დასჯას ვითხოვ.  ხომ ვნახეთ, რომ ომმა და სისხლისღვრამ სიკეთე არ მოგვიტანა...

თემურ აგირბა, აფხაზი:

- დაეკავებინათ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სოხუმის შესაბამის განყოფილებაში გადმოეყვანათ, ან როგორ დავიჯერო, გარშემო ერთი ადამიანი არ იყო, ვინც მათ კონფლიქტში ჩაერეოდა... არ მინდა პოლიტიკა, უბრალოდ ადამიანურად მაწუხებს ეს ამბავი, - ჩვენც ხომ დავმთვრალვართ, ჩვენც ხომ გვიჩხუბია, მაგრამ ვიღაცას გავუშველებივართ, ისე, რომ სისხლი არ დაღვრილა. აფხაზ კაცს არ ეკადრება უიარაღოსთვის სროლა, ამას გამართლება არ აქვს... რაც შეეხება, აფხაზი საზოგადოების საყოველთაო დუმილს, ბატონებო, თქვენ კიდევ კარგა ხანს მოგიწევთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ შეიცვალეთ და ცივილური მსოფლიოს ნაწილი ხართ, - ჩვენ კარგ ხანს ვიქნებით იქ, სადაც ვართ, დიდ ხანს მოგვიწევს რუსეთის ორმაგი სტანდარტების ნაძალადევი ღიმილით მიღება და საკუთარი თავის მოტყუება, რომ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც გვგონია"!

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)