ამერიკული „აბრამსი“ და „ბრედლი“ თავისუფლების მოედანზე - როგორ იზეიმებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველო? - კვირის პალიტრა

ამერიკული „აბრამსი“ და „ბრედლი“ თავისუფლების მოედანზე - როგორ იზეიმებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველო?

2016 წელს, პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი, თბილისის გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები კახეთში - იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში - ნოქალაქევის ციხე-სიმაგრესთან, სამცხე-ჯავახეთში - ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში - ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში - ბათუმის ბულვარში გაიმართება. ფიცის დადების ცერემონიალი 12:00 საათზე დაიწყება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს თავისუფლების მოედანზე განლაგდება სამხედრო ტექნიკა, მათ შორის იქნება აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა - „აბრამსი“ და „ბრედლი“. ღონისძიებაზე რეკრუტების გარდა წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების XII ბატალიონის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეული, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები.

თავდაცვის უწყების ცნობით, ფიცის დადების ცერემონიალში წელს, პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრი, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრი, აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრი.

თავისუფლების მოედანზე გადაიფრენს ოთხი ვერტმფრენი სახელმწიფო დროშებით. ბავშვების გუნდი შეასრულებს სახელმწიფო ჰიმნს, ხოლო, ფიცის დადების შემდეგ ანსამბლი „სუხიშვილები“ „ხორუმს“ იცეკვებს.

14:00 საათიდან კი, თავისუფლების მოედანზე დამთვალიერებლებისთვის საქართველოს, ლატვიის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ორკესტრები კონცერტს გამართავენ, ხოლო, "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" სტუმრებს საველე სამზარეულოში მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდება.

სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინება თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო რუსთავში, ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუ ნახოს.

27 მაისს კი, შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილის აღნიშნავი ღოონისძიება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ, ბრიტანელი და ქართველი სამხედროების საპარაშუტე შოუ, სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის გამოფენა, სამხედრო შინაარსის თამაშები ბავშვებისათვის - კონკრეტული ქვედანაყოფები წვრთნის და სხვა სამხედრო აქტივობების ადაპტირებულ, გასართობი ხასიათის ვერსიებს წარმოადგენენ; სახის მოხატვა - შესაძლებელია, როგორც საქართველოს დროშის ფერებში ასევე, სამხედრო ფერებში სახის მოხატვა (სახის კამუფლაჟი); რაგბის, ფრენბურთის, კალათბურთის, ჭადრაკის და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო მოედნები; AIR SOFT - სათამაშო მოედანი; სიმულაციური სასროლი - შეჯიბრების მოწყობა და სიმბოლური საჩუქრების გადაცემა; ფოტოგადაღება; თექის ნამუშევრების გამოფენა, სტუდენტები პანკისიდან; მოეწყობა ასევე ისტორიული კუთხე - ქრონოლოგიური ფოტოგამოფენა აგვისტოს ომის თემაზე; იუნკრებისა და კადეტების ნახატების გამოფენა-გაყიდვა; ექოსკოპიის კაბინეტი - ნებისმიერ მსურველს შეეძლება რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და კონსულტაციის მიღება. ასევე მოეწყობა ლაბორატორიის კაბინეტი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება სისხლის ჯგუფისა და სისხლში შაქრის შემცველობის დადგენა; ჩატარდება პირველადი სამედიცინო დახმარების ლექცია-სწავლება, მსურველებს შეეძლებათ რეანომობილის აპარატურის დათვალიერება.

იპოდრომზე მისულ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების საბაზისო ექსპრესკურსი ჩაუტარდებათ, შეეძლებათ დაათვალიერონ სამედიცინო ჯავშანმანქანა, ჩაატარონ ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიაში სახალისო ცდები.

გაიმართება ასევე წარმოდგენა ქართული საბრძოლო ილეთების ჩვენებით, სამთო სწავლება (გადარჩენა, მთებთან დაკავშირებული პათოლოგიები, სამთო აღჭურვილობის გამოყენების წესი, დაზარალებულის ევაკუაცია UT-2000-ის გამოყენებით).

დღის ბოლოს კი ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ორკესტრების, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის, ასევე, საქართველოს ეროვნული ანსამბლების და მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით შემაჯამებელი კონცერტი გაიმართება.