"გაიხარეთ, საქართველო დამოუკიდებლი გახდაო"! - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - კვირის პალიტრა

"გაიხარეთ, საქართველო დამოუკიდებლი გახდაო"! - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 98 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

რევაზ გაბაშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცნობილი მოღვაწე, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი, წერდა:

"როდესაც პარლამენტში ნოე ჟორდანიამ წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი და მერე აივნიდან ხალხს გამოუცხადა... მთელი თბილისი აღტაცებით ტაშს უკრავდა... იმ დღეს ვლასა მგელაძე გაიქცა მამადავითის ეკლესიაში, ზარები დარეკა და ილიასა და აკაკის საფლავებს ჩასძახა: გაიხარეთ, საქართველო დამოუკიდებლი გახდაო"!

1918 წელს გამოცემული დამოუკიდებლობის აქტი

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

1991 წელს გამოცემული დამოუკიდებლობის აქტი

გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველომ შეძლო დაშლის პირას მისული საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევა. 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინა დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო სიმბოლიკა, თუმცა 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველომ უარი თქვა პირველი რესპუბლიკის დროშაზე, ღერბსა და ჰიმნზე და ახალი სიმბოლიკა დააკანონა, რომლიც ყოველ ქართველისთვის ახლობელი და ძვიფასია უკვე.

საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლისთავს მასშტაბურად აღნიშნავს.

გილოცავთ!

იხილეთ ფოტოგალერეა: 1918-1921 წლების საქართველო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ