ბრიუსელის სიმბოლო "Petit julien" ქართული ჩოხით - მსოფლიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - კვირის პალიტრა

ბრიუსელის სიმბოლო "Petit julien" ქართული ჩოხით - მსოფლიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს უკვე მიულოცეს აღნიშნული თარიღი.

"გულითადად ვულოცავ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს", - წერს პეტრო პოროშენკო ტვიტერზე.

მოლოცვის ტექსტი გამოაქვეყნა "ტვიტერზე" ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემაც. "გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!" - წერს ლიტვის პრეზიდენტი.

დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც.

აღსანიშნავია, რომ დღეს 26 მაისს დამოუკიდებლობის 50 წლისთავს აღნიშნავს სამხრეთ ამერიკული სუვერენული სახელმწიფო გაიანაც.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოეხმაურნენ. მაგალითად, ბრიუსელში, ქალაქის სიმბოლოს "Petit julien"-ს (ბიჭუნა, რომელიც შარდავს) ქართული ჩოხა ჩააცვეს. ამის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ავრცელებს.

საქართველოს დროშა გამოისახა ლიტვაში, ქალაქ კაუნასის აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს და მასზე ჩვენი ქვეყნის დროშა გამოსახეს.