"დამნაშავის ქართული მხარისთვის გადმოცემა, დარწმუნებული ვარ, არ მოხდება" - გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია?! - კვირის პალიტრა

"დამნაშავის ქართული მხარისთვის გადმოცემა, დარწმუნებული ვარ, არ მოხდება" - გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია?!

"რუსული და აფხაზური მხარეეები აპირებენ გაახმაურონ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების ამბავი"

გავრცელებული ინფორმაციით, ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, "პირი, რომელმაც საზარელი მკვლელობა ჩაიდინა, დაკავებულია". მისივე განცხადებით, აფხაზური მხარის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელის მცდელობა, რომ რუსეთის საზღვარი გადაელახა არ შედგა.

როგორც არეშიძე აცხადებს, გალის შეხვედრები, რომლებიც 2012 წლის აპრილამდე იმართებოდა, უახლოეს დღეებში განახლდება.

”რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გალის შეხვედრაზე, იციან რა ქართული მხარე სამართლიან პრეტენზიას დააყენებს და არა მხოლოდ ქართული მხარე, თვითონ ამ პროცესის ხელმძღვანელობაც, რუსული და აფხაზური მხარეეები აპირებენ გაახმაურონ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების ამბავი.... დამნაშავის ქართული მხარისთვის გადმოცემა, დარწმუნებული ვარ, არ მოხდება, თუმცა გამორიცხული არ არის, ამის მცირე შანსი მაინც არსებობდეს”, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე თქმით, აფხაზების მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ფაქტი უნდა იყოს გადაყვანილი სამართლებრივ ჩარჩოში და დამნაშავე დაისაჯოს.

”არსებობს აფხაზების ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ფაქტი უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში გადაყვანილი და დამნაშავე დაისაჯოს. ეს იმ ადამიანების კატეგორიაა, რომლებიც შესაძლებელია ამინდს არ ქმნიან აფხაზურ პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ ამინდს ქმნიან აფხაზურ სოციალურ ქსელში. ეს ხალხი ამ ნაბიჯს ხსნის შემდეგი ფაქტორით, რომ ისინი ცდილობენ იყვნენ ცივილიზებული სახელმწიფო და მსოფლიოს თვალში სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად მოიქცნენ".

ის პირი რომ აფხაზი ყოფილიყო, შეიძლება ასეთი შედეგი არ ჰქონოდა ამ ფაქტს, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ეს პიროვნება არის წარმოშობით ლაზი. მიუხედავად იმისა რომ ის არის ქართულ-აფხაზური ომის გმირის შვილი, მამამისი აფხაზეთის მხარეს იბრძოდა და ამ ომს შეეწირა, ის მაინც აფხაზური საზოგადოებისთვის არ არის აფხაზი. სხვა შემთხვევაში, ჩაერეოდა მთელი გვარი, კლანი და ძალიან რთული იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება, რადგან თვითონ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს იქ ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილის დაპატიმრებას, რადგან შუაში ჩადგება კლანი, გვარი”.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული მხოლოდ ერთი დღით იყო დაკავებული. შესაბამისი კომენტარი მამუკა ცოტნიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ზუგდიდში გააკეთა, სადაც ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით დაუზუსტებელ ინფორმაციას ფლობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

”მაქვს დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს ეს შეესაბამება სინამდვილეს. მხოლოდ ერთ-ერთი წყაროდან მაქვს ინფორმაცია, ამიტომ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ სინამდვილეს შეესაბამება. შემატყობინეს, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, ვინც იმყოფებოდა იმ დროს ხიდზე. ჩემთვის საკმარისია ეს ინფორმაცია, რათა მივხვდე, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ეჭვმიტანილი იყოს დაკავებული. სხვა მხრივ, გაიგზავნა სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული შეტყობინებები და იმედია, რომ მივიღებთ დადასტურებას”, - განუცხადა ზაქარეიშვილმა ”რუსთავი 2”-ს.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ამოწმებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განუცხადა, ამ დროისთვის საგარეო უწყება დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს, დაკავებულია თუ არა გიგა ოთხოზირიას მკვლელი.

მტავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით ინტერპოლს მიმართა.

"ველოდებით პასუხს. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში ეს მკვლელი წითელი ცირკულარით ძებნაში იქნება”, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

რაც შეეხება მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, შოთაძის თქმით, ამას ვერ დაადასტურებს, რადგან მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.