ქვეყნის პირველი პირები 26 მაისის დღესასწაულზე (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ქვეყნის პირველი პირები 26 მაისის დღესასწაულზე (ფოტოგალერეა)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა.

ფოტოგალერეა

თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები მოეწყო კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში.

დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების სამხედრო ფიცი მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.

ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ქვეყნის პირველი პირები ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მისულები.

თავისუფლების მოედანზე განლაგებული იყო სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა, მთავარი საბრძოლო ტანკი „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“.

ფიცის დადების ცერემონიალში, წელს პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრმა, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნულმა ორკესტრმა და აშშ-ის საერთო ძალების ორკესტრმა. თავისუფლების მოედანზე გადაიფრინა ოთხმა ვერტმფრენმა სახელმწიფო დროშებით.

სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინა თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო რუსთავში ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად მოსახლეობას შესაძლებობა ჰქონდა ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუ ენახა.

იხილეთ ფოტოგალერეა: ქვეყნის პირველი პირები 26 მაისის დღესასწაულზე