"ყველა წესიერი ადამიანი ფეხზე ადგა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარდა" - ვინ უღალატა "ქართულ ოცნებას"? - კვირის პალიტრა

"ყველა წესიერი ადამიანი ფეხზე ადგა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარდა" - ვინ უღალატა "ქართულ ოცნებას"?

"ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, რომ ეს ბოლშევიკური მოძრაობა, სამუდამოდ გაიყვანოს პოლიტიკური სივრციდან"

სოფელ კორცხელში დაწყებული დაპირისპირება, 25 მაისს, პარლამენტში, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლით, გაგრძელდა. ინცინდენტის მიზეზი "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის განცხადება იყო - მან პარლამენტის წევრებს მიმართა და 2011 წლის 26 მაისს დაღუპულ და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას გარდაცვლილთა პატივის მისაგებად ფეხზე ადგომა ითხოვა, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წვერთა პროტესტი მოჰყვა. დაპირისპირება ლანძღვა გინებასა და გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა.

ზაზა პაპუაშვილი:

- ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" მიზეზით მოხდა. ეგენი მუდამ იმის ცდაში არიან ადამიანი გამოიწვიონ და პროვოკაციაზე წამოაგონ. ეს არის ამ პარტიის სტილი. გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ ფეხზე ადგომით პატივისცემა გამოგვეხატა იმ ადამიანების მიმართ, ვინც 9 წლიანი ჯოჯოხეთის დროს დაიღუპა, ბუნებრივია, ყველა წესიერი ადამიანი ფეხზე ადგა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარდა. სიმართლე გითხრათ, არც მქონდა იმის იმედი, რომ ეს ადამიანები ამ გულისტკივილს გაიზიარებდნენ, მაგრამ მათმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ ამ ყველაფრის მიმართ და რეპლიკებმა გამოიწვია ის შელაპარაკება, რაც მოხდა.

- ბატონო ზაზა მინდა გკითხოთ კორცხელში მოხდარ ინცინდენტზე, რომლის მონაწილე პირები ჯერაც არ დაუკავებიათ...

- მოვუწოდებ ყველას ჩართონ და ნახონ 2011 წლის 26 მაისის ან 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის კადრები, კიდევ სხვა უამრავი დარბევა და თავად გამოიტანონ დასკვნა, თუ რა ხელისფლებას ჩამოვართვით მმართველობის სადავეები. ჩვენ ძალადობრივი ხელისუფლება შევცვალეთ არჩევნებით და პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. რაც შეეხება კორცხელში მომხდარს, იმ ჩასაფრებულ ადამიანებს, რომლებსაც სისხლი სწყურიათ და ყოველ მეორე სიტყვაში ამ ამბავს იხსენებნ, მინდა ვუთხრა, დაველოდოთ გამოძიებას, გაიშიფროს ინცინდენტის ამსახველი კადრები (ოღონდ სრული ვერსია და არა ის დამონტაჟებული მასალა რომელსაც "რუსთავი 2" ატრიალებს), დაკითხონ მოწმეები, ყველა მონაწილე, მივიღოთ სრული სურათი და ყოველგვარი პანიკის გარეშე გადავწყვიტოთ ვინ არის დასასჯელი...

- იმავე კორცხელში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა. 8 ოქტომბრს დანიშნული არჩევნების წინ ხომ არაა ეს საგანგაშო სიგნალი "ქართული ოცებისათვის"?

- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ხავს ეჭიდებიან, პარტია, რომელიც ერთ დროს იძახდა, რომ მოსახლეობის 90% მათ უჭერდა მხარს, ახლა მცირე შუალედურ არჩევნებში მიღწეულ გამარჯვებას დიდ მიღწევად ნათლავს და ზეიმობს. ვურჩევ ყველას, ნუ ვიჩქარებთ, მშვიდად მივიდეთ 8 ოქტომბრამდე. არეულობა, დაპირისპირება და კონფლიქტი ჩვენ გეგმებში არ შედის. "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის მერე, ყველა არჩევნები მოიგო, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე (სხვათა შორის ამ არჩევნებს უმაღლესი შეფასება მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა) და ასე იქნება მომავალშიც. "ნაციონალურ მოძრაობას", მინდა, ვუთხრა, ეგენი უკან ვეღარასდროს დაბრუნდებიან, მათ ეს იციან და ამიტომ გიჟდებიან. ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, რომ ეს ბოლშევიკური მოძრაობა, სამუდამოდ გაიყვანოს პოლიტიკური სივრციდან. ეს 4 წელი იყო ჯოჯოხეთური შრომის წლები. ნელ-ნელა ეს ყველაფერი გაიშიფრება, თუ რატომ იყო ასეთი მძიმე, გამოჩნდება რა იყო შიდა თუ გარე პრობლემა, სად იყო ღალატი და სხვა...  წინასაარჩევნოდ მოგვიწევს ჩვენს ამომრჩეველთან ამ ყველაფრის ახსნა, თუმცა ბევრი რამე ცხადია და ახსნაც არაა საჭირო.

- ღალატი ახსენეთ და კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- ღალატში ვგულისხმობ იმას, როცა რაღაც პრინციპით გაერთიანდები, მოგეცემა ნდობის მანდატი, მაგრამ ამ ნდობას ვერ გაამართლებ - ან ძალა არ გეყოფა ამ ყველაფერის ბოლომდე მისაყვანად ანაც კიდევ სხვა მიზეზით მოიქცევი ასე გაუმართლებლად... რას ვიზამთ, ესაა დარტყმები, რომლებსაც გავუძელით და კიდევ ბევრს გავუძლებთ. რეალობა არჩევნების მერე მკვეთრად შეიცვლება, რადგან შეცდომები, რაც იყო აუცილებლად უნდა გაანალიზდეს...

- არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი, როდის გახდება ცნობილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სია?

- მესმის საზოგადოების ინტერესი, მაგრამ დავიცადოთ ამის დროც მოვა და ყველა ყველაფერს გაიგებს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)