"უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ეს გამოცდილება მოსახლეობას გავუზიარო" - ვინ არიან პაატა ბურჭულაძის პარტიის ახალი წევრები - კვირის პალიტრა

"უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ეს გამოცდილება მოსახლეობას გავუზიარო" - ვინ არიან პაატა ბურჭულაძის პარტიის ახალი წევრები

28 მაისს, ახალი სპორტის სასახლეში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე შეკრებილ პარტიის აქტივისტებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა ხათუნა ლაგაზიძემ, გიორგი რუხაძემ და გიორგი თაქთაქიშვილმა.

ყრილობაზე მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერად პაატა ბურჭულაძე აირჩიეს. პაატა ბურჭულაძე მოძრაობის ლიდერად „სახელმწიფო ხალხისათვის“ რეგიონული წარმომადგენლების ხელმძღვანელებმა დაასახელეს.

პაატა ბურჭულაძე: ”მე ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ, ბოლო რამდენიმე თვეა ფეხით შემოვიარე საქართველო. ვიყავი კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში. ბევრი პირადად გავიცანი, ბევრს ხელი ჩამოვართვი. ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იქნება ხალხისთვის, ამიტომ, ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია! ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები!

"როგორ გამოვასწორებთ ქვეყნის მთავარ პრობლემას, უმუშევრობას და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას? ჩვენ გვაქვს გეგმა სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად ჩვენ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ რამოდენიმე გიგანტურ პროექტს, დამატებით განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მცირე ბიზნეს პროექტებზე. მაქსიმალური თავისუფლება და ხელშეწყობა უნდა ქონდეს მეწარმეობას! სწორედ ეს იქნება სახელმწიფო ხალხისთვის! გვაქვს გეგმა, როგორ დავუბრუნოთ სოფელს სიცოცხლე. მიტოვებულ და დაცარიელებულ მთიან რაიონებში ცხოვრებას აზრი უნდა მივცეთ. არ შეიძლება სოფელში თითქმის ყველა ადამიანი ელოდებოდეს, როდის მიაღწევს მისი ოჯახის ერთი წევრი მაინც საპენსიო ასაკს, რომ ამ პენსიით არჩინოს ოჯახი. ამაზე ვინ უნდა იზრუნოს? სახელმწიფომ, და აი ამიტომაც გვინდა სახელმწიფო ხალხისთვის”

ვხედავ ხალხის საწინააღმდეგო საშინაო პოლიტიკას და ჩამოუყალიბებელ საგარეო პოლიტიკას, ვხედავ ჩინოვნიკების არაპროფესიონალიზმს და დაწინაურებულ ნათესაობას და სამეგობროებს. ვხედავ მოტყუებულ ადამიანებს, რომელთა მოტყუებას კიდევ ერთხელ აპირებენ ამ არჩევნებზე. ძალიან მაინტერესებს რა დაპირებით ჩავა ”ქართული ოცნება” რაიონებში, რას დაპირდება ხალხს ისეთს, რასაც ჯერ არ დაპირებია, და უფრო მეტად მაინტერესებს, ვნახო ერთი ადამიანი მაინც, ვინც ამ დაპირებას დაიჯერებს".

სიტყვით გამოსვლის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ გუნდის შემადგენლობა დაასახელა და დამსწრე საზოგადოებას თითოეული მათგანი ცალ-ცალკე გააცნო.

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ გუნდის შემადგენლობაში არიან: ფილოლოგი ქეთი ნიჟარაძე, პროფესორი ალექსანდრე ბაკურაძე, ლონდონის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებული ტარიელ ჭულუხაძე, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი, გოჩა ჭელიძე, ბექა ჟვანია, გიგა ფარტენაძე, კობა ჩიხლაძე, არტემ ჰარბანცუმიანი, ორხან პირვირდიევი, ირმა დაუშვილი, ირაკლი ყიფიანი, გიორგი პაპავა, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა, გიორგი პაპელიშვილი, გიორგი თაქთაქიშვილი, ლადო კახაძე, გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა: „ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს განვითარებაში ჩავერთო. ამდენი გამოცდილება დავაგროვე ცხოვრებისეული, პროფესიული, უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ეს გამოცდილება მოსახლეობას გავუზირო“.

ლაშა დვალიშვილი: "მოძრაობის სახელწოდებიდანაც ნათლად ჩანს, თუ რას ვთავაზობთ მოსახლეობას... ეს მოძრაობა მოდის ძალიან ძლიერი, კარგად დაკომპლექტებული გუნდით და ამ გუნდის ამოცანა იქნება იდგეს მოსახლეობისა და ხალხის სამსახურში“.

ყრილობას ესწრებოდა თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე, თუმცა კითხვაზე ხომ არ აპირებს მოძრაობა გაწევრიანებას, ალავიძემ აღნიშნა, რომ არ იცის.

„სტუმრად ვარ მოწვეული, რომ არ მომწონდეს, არ ვიქნებოდი აქ. სტუმრის სტატუსით ვარ მოწვეული, არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა. მომწონს ის, რომ აქ არიან ერისთვის და ქვეყნისთვის გულანთებული ხალხი“, - განაცხადა ალავიძემ.

ვიდეო

იხილეთ ასევე: "მურუსიძე ვირუსია"!..