"ველით ივანიშვილისგან დაანონსებულ წერილს" - რას იტყვის ივანიშვილი კოალიციის დაშლის მიზეზებზე?! - კვირის პალიტრა

"ველით ივანიშვილისგან დაანონსებულ წერილს" - რას იტყვის ივანიშვილი კოალიციის დაშლის მიზეზებზე?!

14 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებდა წერილს, სადაც ისაუბრებდა იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები.

"წერილობით გამოვაქვეყნებ და მოგახსენებთ თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ", - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ, კი ექსპრემიერმა უკვე წეილის გამოქვეყნების თარიღიც დააანონსა. მისი თქმით, წერილი 30 მაისს, ორშაბათს გამოქვეყნდება.

"ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, 2011 წლის 7 ოქტომბერს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადის გაკეთების შემდეგ, იმჟამად ჯერ კიდევ ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ საზოგადოებას უკვე 2011 წლის 12 ოქტომბერს სწორედ ვრცელი წერილით აცნობა.

რას უმზადებს საზოგადოებას ამჯერად ბიძინა ივანიშვილი? - არსებობს ვარაუდები, რომ მან შესაძლოა მიმოიხილოს როგორც ხელისუფლების გაკეთებული თუ ვერ მოსწრებული საქმეები, ასევე კოალიციის დაშლის მიზეზები.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი აქამდე ამ პროცესში არ მონაწილეობდა, თუმცა ცნობილია, რომ აპირებს საარჩევნო პროცესში ჩართვას და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, უფრო გააქტიურდეს. ჩემი აზრით, აქამდე მისი პასიურობა სწორი იყო. მან მისცა საშუალება პარტიის ელიტას, სცადოს და გადაწყვიტოს პრობლემები, მეტი ინიციატივა გამოიჩინოს და ა.შ. როცა რაღაც ავადმყოფობა სჭირს ადამიანს, კარგი ექიმი ბოლომდე ახდენს ამ დაავადების პროვოცირებას, ცდილობს, მისი სიმპტომები ბოლომდე გამოჩნდეს და მერე დაიწყოს მკურნალობა. ვფიქრობ, ივანიშვილიც ამ პოზიციაში იყო. ის ამ ეტაპამდე არ მონაწილეობდა ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა ფრაქციის სხდომასა და პოლიტსაბჭოზე მისი გამოჩენა მაფიქრებინებს, რომ ის გააქტიურებას იწყებს. ველით მისგან დაანონსებულ წერილს, რომელიც, ვფიქრობ, საარჩევნო პროცესში მისი ჩართვის სტარტი იქნება. მე ვერ წარმომიდგენია ივანიშვილის გარეშე როგორც პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნება, ასევე წინასაარჩევნო პროცესის ორგანიზება. (იხილეთ სრულად)