ბიძინა ივანიშვილი: "არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს" - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი: "არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს"

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, რომელშიც განვლილი 4 წელიწადი შეაფასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის სარაჩვენო პროცესში ჩაბმას გეგმავს, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლას არ აპირებს.

"ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ სწორედ ის ჯგუფი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ბოროტი დაჟინებით ცდილობდა მოესპო და გაენადგურებინა ათეულობით საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული ფენომენი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ცდილობდნენ, მთელი მსოფლიო დაერწმუნებინათ, რომ ქართველები ვართ მართლმადიდებლური ფანატიზმით შეპყრობილი ველური ხალხი, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი ყველას და ყველაფრის მიმართ და ამიტომ აუცილებელი იყო ჩვენი მათრახით მართვა. მაშინ როდესაც მართლმადიდებლობა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს მსოფლმხედველობას, სწორედ ჰუმანიზმს და შემწყნარებლობას გვასწავლის და ამასვე ქადაგებდა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკლესია, ქვეყნის სულიერი ფარი, რომელსაც განუზომელი წვლილი მიუძღვის ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. წელს მთელი საზოგადოება პოლიტიკური სიმწიფის გამოცდას ვაბარებთ. ადრე თეთრსა და შავს შორის ვირჩევდით, დღეს უკვე ბევრი ფერია, გაჩნდა არჩევანის თავისუფლება - ყველა საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს, ყველა საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამიტომ, გაცილებით რთულია მართებული არჩევანის გაკეთება. სიცრუის მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირად ჩემს მიმართაც. ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან", -წერს ივანიშვილი.

მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნა ძველ დროში არ დაბრუნდეს.

"აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ. არასდროს მიტრაბახია საქველმოქმედო პროექტებით თუ წამოწყებებით, მაგრამ, ვინაიდან, ამდენი ცილისწამება მოედინება, იმისათვის, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისად მართებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს. ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებ, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო სანდო და საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, უფრო მიმზიდველი - ტურისტებისთვის, ეს ყველაფერი ძალიან ადვილად შესამოწმებელია.

ყველა ბიზნესში ჩახედულმა იცის, რომ უცხოელი ინვესტორი გაცილებით სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და უფრო გაბედულად იწყებს საქმიანობას, როდესაც მას ადგილობრივი პარტნიორი ხვდება და ფინანსურ თანამონაწილეობას სთავაზობს. სწორედ ინვესტორთა დამატებითი სტიმულირებისთვის ჩემი ინიციატივით დაფუძნდა თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც გაცხადებული 5 მილიარდი დოლარის დიდი ნაწილი უკვე აითვისა, რითაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ბევრ ინვესტორს გაუხდა პარტნიორად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში - დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული ჰესების მშენებლობით. გარდა ამისა, თავად ფონდი, ყოველგვარი პარტნიორის გარეშე, აშენებს რვა სასტუმროს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარების თვალსაზრით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს პროექტი სრულად იცავს არქიტექტურულ და გარემოსდაცვით ყველა ნორმას და, ამასთანავე, მიმდებარე ტერიტორიების მოვლას და გამწვანებასაც ითვალისწინებს, ჩვენი ოპონენტები, საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, განზრახ დამახინჯებული ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მათ სურთ, საქმის ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე პოლიტიკაში ფინანსური ინტერესების გამო მოვედი. სწორედ ამიტომ, ადრეც ვთქვი და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც ამ პროექტების დასრულების სურვილი და შესაძლებლობა ექნება, თანაინვესტირების ფონდი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით დაუთმობს საკუთრებას და ყოველმხრივ დახმარებასაც აღმოუჩენს", - წერს ექსპრემიერი.

იხილეთ სრულად