"ივანიშვილი თეორიულად უშვებს "ნაციონალური მოძრაობის" უკან დაბრუნების შანსს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი თეორიულად უშვებს "ნაციონალური მოძრაობის" უკან დაბრუნების შანსს"

"ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, დაბრუნდება "ნაციონალურ მოძრაობა" და წიხლქვეშ გაგიგდებთო"

30 მაისს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღით ადრე დაანონსებული ღია წერილი გამოაქვეყნა. რა იყო წერილის მთავარი პათოსი და სიურპრიზი, რამდენად რეალურია ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელზეც წერილშია ლაპარაკი და რეალურია თუ არა საფრთხეები, რაზეც ექსპრემიერი წერს?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- ამ წერილის მთავარი პათოსი იყო წარსულის და სააკაშვილის რეჟიმის აღწერა და ის, თუ რას გადავრჩით "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლით. ივანიშვილის მიერ წერილში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ გადავრჩით, ბუნებრივია ვეთანხმები და ვიზიარებ, თუმცა, ჩემი აზრით, ზედმეტი აქცენტები იყო გაკეთებული საფრთხეზე, რომელიც ეხება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას. როგორც ჩანს, ივანიშვილი თეორიულად უშვებს "ნაციონალური მოძრაობის" უკან დაბრუნების შანსს, რაც, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია.

წერილში ასევე ლაპარაკია ეკონომიკის წინსვლაზე, მაგრამ მიღწევებზე საუბარი სტატისტიკის მეშვეობით, ქართულ საზოგადოებაში არაა მაინცდამაინც მოთხოვნადი. ადამიანები რეალურ ფაქტებს ითხოვენ და არა სტატისტიკას. ციფრებს 9 წლის განმავლობაში სააკაშვილიც "გვაჭმევდა", მაგრამ ეს არ იყო ეფექტური და რაც მთავარია არაა დამაჯერებელი. ადამიანები ითხოვენ კეთილდღეობას, რომელიც მათ მაცივრებამდე მიდის და არა იმ კეთილდღეობას, რომელიც ფურცლებზე წერია. ჩემი აზრით, ამ საკითხს ფორმალისტურად მიუდგნენ, თუმცა მთავარი შეცდომა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ის არის, რომ ისინი სამყაროს ისევ მათსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დაპირისპირების პრიზმაში უყურებენ. სინამდვილეში კი, ორივე ძალა ერთად უმცირესობაში არიან, რადგან ამომრჩეველთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათ ჰყავთ ცუდი ხელისუფლება და კიდევ უფრო ცუდი ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" სახით. ივანიშვილმა უმრავლესობას ამ წერილით, ფაქტობრივად, არაფერი არ უთხრა. ერთადერთი ნეგატიური გზავნილი შესთავაზა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, დაბრუნდება "ნაციონალურ მოძრაობა" და წიხლქვეშ გაგიგდებთო.

- საზოგადოება ელოდა პასუხს, რატომ დაიშალა კოალიცია "ქართული ოცნება", თუმცა წერილში ამაზე არაფერია თქმული...

- ამაზე არაფერი უთქვამს, რადგან, როგორც ჩანს, ეს მისთვის უხერხული საკითხია. სხვათა შორის, ძალიან პოზიტიური მოულოდნელობა იყო ის, რომ წერილში არ უხსენებია და არ გაულანძღავს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

იხილეთ ბიძინა ივანიშვილის წერილი სრულად

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)