"ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს პრეზიდენტის შენიშვნებს და აღარ იყოს საუბარი ვეტოს დაძლევაზე" - კვირის პალიტრა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს პრეზიდენტის შენიშვნებს და აღარ იყოს საუბარი ვეტოს დაძლევაზე"

საქართველოს პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, კანონპროექტები პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დღეს გადაეგზავნება. (იხილეთ: გიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო)

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტთან საუბარი ჰქონდა და შეთანხმდნენ ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან, ამიტომ როგორც პრემიერმა განაცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს და აღარ იყოს საუბარი მის დაძლევაზე.

”ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტთან. მასში ჩართული იყო პარლამენტის თავმჯდომარეც და დეპუტატებიც, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხზე მუშაობდნენ. ეს საუბარი წარმატებით დასრულდა. ჩვენ შევთანხმდით ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და ამავე დროს გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნებიც. ვფიქრობთ, ძალიან კარგი პრეცენდენტი შედგა ასეთი კონსტრუქციული დიალოგის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს, აღარ იყოს საუბარი დაძლევაზე და ჩვენ ალბათ პირდაპირ მივიღებთ ამ შენიშვნებს. ვფიქრობ, ეს პრეცენდენტი იქნება ძალიან კარგი მაგალითი მომავალში ასეთი კონსტრუქციული დიალოგისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.