"არაპოპულარული რომ ვყოფილიყავი, მაშინვე მომისვრიდნენ" - კვირის პალიტრა

"არაპოპულარული რომ ვყოფილიყავი, მაშინვე მომისვრიდნენ"

მას შემდეგ, რაც ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მთავრობა ბრიტანული "გარდიანის" ფურცლებიდან მკაცრად გააკრიტიკა, გაავრცელდა ინფორაცია, რომ პრეზიდენტსა და ოდესის გუბერნატორს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, ოდესის გუბერნატორის მუშაობა და ოლქში არსებული ვითარება განიხილეს და უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მუშაობა შეაქო, ასევე იმედი გამოთქვა, რომ მის გუნდს ოდესაში კიდევ უფრო მეტი რეფორმის გატარება შუძლია. რაც შეეხება არაოფიციალურ ნაწილს, უცნობია, სააკაშვილმა მკაცრი კრიტიკისთვის პოროშენკოსგან საყვედური თუ მიიღო. ამ რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან გამოაქვეყნა შვედურმა გამოცემა„Dagens Nyheter“-მა, რომელშიც სააკაშვილმა კითხვაზე: "ყოველთვის ხმამაღლა საუბრობთ კორუფციაზე. ალბათ, პოროშენკო, რომელმაც თვითონვე დაგნიშნათ, თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, რატომ არ გაგათავისუფლეს აქამდე? - უპასუხა: - პოროშენკომ იცის, რომ პოპულარული ვარ და ხალხის მხარდაჭერით ვსარგებლობ. არაპოპულარული რომ ვყოფილიყავი, მაშინვე მომისვრიდნენ. გარდა ამისა, მან უამრავი დაპირება მომცა - საგადასახდო უწყების მოდერნიზება და თანამედროვე საბაჟოს შექმნა ოდესაში. და მე ჯერ კიდევ ველოდები.

ახლა ახალი პრემიერ მინისტრი გვყავს, ვლადიმირ გროისმანი, ის კარგი ადამიანია. მაგალითად, მან პირველმა მოიწონა ღია კონკურენცია აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობებზე უკრაინულ საწარმოებში. გროისმანის პრობლემა ისაა, რომ მას ზღუდავენ, მათ შორის, ავაკოვიც. ამ დროს კი მისი კოალიცია პარლამენტში დამოკიდებულია ოლიგარქ იგორ კოლომოისკიზე".

სტატიის ქართული თარგმანი გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ "ფეისბუკგვერდზე" , სწორედ ამ ვარიანტიდან გთავაზობთ ნაწყვეტს:

- მიიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში? შექმნით საკუთარ პარტიას?

- როდესაც კარიერას ვიწყებდი საქართველოში, ყველაზე ახალგაზრდა რეფორმატორი ვიყავი და გარშემო ასეთივე ახალგაზრდებს ვიკრებდი. ახლა აღარ ვარ ახალგაზრდა, მაგრამ კვლავ მომწონს იდეა, რომ გარშემო შემოვიკრიბო რეფორმებზე ორიენტირებული ახალგაზრდები და წავიდე არჩევნებზე. მინდა, დავეხმარო ამ ახალგაზრდებს, მოვამზადო ისინი ახალი პოლიტიკური კლასის შექმნისთვის.

- უკრაინაში ბევრი ვარაუდობს, რომ თქვენი ნამდვილი მიზანი უკრაინის პრემიერ-მინისტრობა ან პრეზიდენტობაა.

- გროისმანი ვიცე-პრემიერის თანამდებობას მთავაზობდა. მაგრამ მე არ შემიძლია ავაკოვთან და მტრულად განწყობილ საპარლამენტი უმრავლესობასთან ერთ მაგიდასთან ჯდომა, რომლებსაც არ მოსწონთ ჩვენი საქმიანობა. თუკი მომავალი არჩევნების შემდეგ პარლამენტში ღირსეული ხალხი აღმოჩნდება, მაშინ მათთან ყოფნას ვისურვებდი. მე არ მჭირდება პრემიერ-მინისტრობა. მაგრამ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ახალი პოლიტიკური სისტემის შექმნაში. ასეთი სწრაფვა ნამდვილად გამაჩნია.

- თქვენ მოუთმენელი ადამიანი ხართ, გინდათ, რომ ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად გაკეთდეს. თუმცა, გუბერნატორის პოსტზე არ შეგიძლიათ ისეთივე სწრაფად მოქმედება, როგორც საქართველოს პრეზიდენტად ყოფნისას. ამაზე გული ხომ არ გწყდებათ?

- ხშირად კი. მაგრამ არსებობს საქმეები, რომლებიც შემიძლია ვაკეთო ყველაზე ქვედა დონეზეც კი. როდესაც რამდენიმე ეგრეთ წოდებული საგადასახადო ინსპექტორი ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა თხილის მწარმოებლებზე ოდესის ოლქში, რათა მათგან ფული აეღო, წავედი და იქიდან გავყარე. ღვინის მწარმოებლებსაც დავეხმარე ანალოგიურ სიტუაციაში. მე რომ არ ვყოფილიყავი, არავინ არაფერს იღონებდა. ეს ინციდენტები საერთოდ შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არ ყოფილიყო ჩვენი ახალი პოლიციის უფროსი საქართველოდან! ცხადია, გულდაწყვეტილი ვარ. მაგრამ დაეხმარო ასობით ადამიანს, რომლებსაც საკუთარ თხილს ართმევენ - ესეც მნიშვნელოვანი საქმეა.

- ორიოდე სიტყვით თქვენი კაბინეტის მოწყობაზეც ვისაუბროთ. ვხედავ, რომ კედელზე გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგის გამოსახულებაა.

- დიახ. მაგრამ ეს სიხარულით აღსავსე წმინდა გიორგია, და გველეშაპიც არც ისე დიდია, უფრო პატარა გველს ჰგავს.

- წმინდა გიორგი - ეს თქვენ ხართ?

- ჰა,ჰა,ჰა, კარგია, თუ გველეშაპი არ ვარ. ცხადია, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზეა საუბარი. მაგრამ არა, არანაირად არ ვთვლი, რომ წმინდა გიორგი ვარ. მე არ ვარ წმინდანი და არც გიორგი მქვია. არსი ბრძოლაშია, ყველაფრის მიუხედავად ბრძოლაში. ეს კი ნამდვილად ჩემზეა. (წყარო)

იხილეთ ასევე: "პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი "გარდიანთან" სააკაშვილის ინტერვიუ აღმოჩნდა"