"ლევან ბერძენიშვილი პრორუსი და "სტაჟიანი­ აგენტია" - კვირის პალიტრა

"ლევან ბერძენიშვილი პრორუსი და "სტაჟიანი­ აგენტია"

"არ გამოვრიცხავ, ბლოკი მალე კიდევ უფრო გაფართოვდეს"

ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ მის საარჩევნო ბლოკს უკვე არსებული 5 პარტიის გარდა სხვა პოლიტიკური ძალებიც შემოუერთდებიან.

ირმა ინაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი: - 25 წელია ხელისუფლებაში პარტიები მოდიან დაპირებით, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება და კონკურენტუნარიანი იქნება, თუმცა თანამდებობა ამ დაპირებას ყველას ავიწყებს. ასეა "ქართული ოცნების" შემთხვევაშიც - დღესაც სახელმწიფო სახელისუფლებო კანდიდატზეა მორგებული და ბუნდოვანი კანონები არჩევნებში უხეშად ჩარევის შესაძლებლობას იძლევა. ეს უსამართლობა საგარეჯოში გამოვცადე. საარჩევნო ბლოკის შექმნაც სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ უსამართლო პირობებში მეტ ეფექტს მივაღწიოთ.

- რა ეფექტს შეგმატებთ კახა კუკავა, კონსტანტინე გამსახურდია, გოჩა ჯოჯუა?

- წინ მძიმე არჩევნები გველოდება, რომლის მიხედვითაც, ევროპა და აშშ დასკვნებს გააკეთებენ. გაერთიანების ერთ-ერთი მიზეზი დასავლეთია, სადაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იქ რამდენიმე პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ერთი პარტიის ანგარიშს. ამასთან, 6 პარტია მეტი წარმატებით უმკლავდება იმ დაბრკოლებებს, რაც საგარეჯოში მხოლოდ ჩვენზე ტყდებოდა.

- ახლა მეტი კითხვა არ გაჩნდება თქვენს პრორუსულობაზე, როცა კახა კუკავა ჟირინოვსკისთან აქტიურ შეხვედრებს მართავდა?

- საზოგადოება ამ იარლიყების მიკერებით დაიღალა. ეს ტენდენცია კონკურენტი პარტიების დისკრედიტაციისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩამოაყალიბა და მოგვიანებით "რესპუბლიკურმა პარტიამ" განავრცო.

იმას რატომ არავინ იხსენებს, პირდაპირ ეთერში ლევან ბერძენიშვილისა და რუსეთის დაზვერვის თანამშრომლის სატელეფონო საუბარს რომ ვისმენდით? სწორედ ბერძენიშვილია პრორუსი და "სტაჟიანი აგენტი". ვწუხვარ, რომ ამ კამპანიაში კვირიკაშვილიც ჩაერთო. სად არის რუსული პროპაგანდა, ან რომელი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციაა ამ ქვეყანაში ძლიერი?

- ეს საზოგადოების დამსახურებაა, რომლის უმრავლესობა პროდასავლურ კურსში ხედავს განვითარებას, სხვა მხრივ, ყველა კვლევით დასტურდება, რომ რუსული პროპაგანდისთვის ქვეყანაში დიდი ფინანსური რესურსი შემოდის.

- ამაზე საუბარიც კი კომედიაა. "რესპუბლიკური პარტია" იმდენად შეპყრობილია სააკაშვილისეული მანერებით, რომ პრეზიდენტიც კი გამოაცხადა რუსული გზავნილების გამხმოვანებლად. თუ მარგველაშვილმა ანგარიში მოითხოვა - რატომ არ გაემგზავრა ქართული ასეული პოლონეთში სამხედრო წვრთნებზე, თინა ხიდაშელის განცხადებით, ეს რუსული ნარატივი და კრემლიდან მიღებული მესიჯების გახმოვანებაა. "რესპუბლიკურ პარტიას" დიდი ხანია ნდობა არ გააჩნია, თინა ხიდაშელი საგარეჯოშიც პირწმინდად დავამარცხე. 8 ოქტომბრის არჩევნებშიც მეორე ადგილზე გავალთ!..

- პირველზე ალბათ, "ქართული ოცნება" წარმოგიდგენიათ, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" განიხილავს მთავარ ოპონენტად?

- "ქართული ოცნება" პირველ ადგილზე გასვლას შეძლებს. არ ვაზვიადებ, მხოლოდ ქართველებისა და უცხოელების მიერ ჩატარებულ კვლევებს ვეყრდნობი. "ნაციონალური მოძრაობა" კი მალე პოლიტიკური ასპარეზიდან აორთქლდება. 8 ოქტომბერს "ნაცმოძრაობა" საბოლოოდ დასრულდება.

- გოგი თოფაძესა და თამაზ მეჭიაურთან გაერთიანებასაც გეგმავთ?

- თოფაძესთან მოლაპარაკებები არ გვქონია, ურთიერთსიმპათიების გაცვლა მხოლოდ სატელევიზიო ეთერებიდან მოხდა. რაც შეეხება მეჭიაურს, კონსულტაციები არ დაწყებულა, თუმცა მის პარტიაში ჩემი მეგობრები არიან. არ გამოვრიცხავ, ბლოკი მალე კიდევ უფრო გაფართოვდეს.

რუსუდან შელია