"ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ინტერესში უნდა იყოს გამოიყენონ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა და შესაძლებლობა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ინტერესში უნდა იყოს გამოიყენონ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა და შესაძლებლობა"

ტელევიზიების შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 14 ივნისს ადგილობრივი, საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ივანიშვილმა ისაუბრა გიორგი მარგველაშვილზე, შეაფასა გიორგიკვირიკაშვილის მუშაობა და კვლავაც გამორიცხა პოლიტიკაში დაბრუნება. ექსპრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ, სექტემბერში თუ არა, არაუგვიანეს წლის ბოლოსი, ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის დადებითად გადაწყდება. მანვე აღნიშნა, რომ "ლარი კარგად იქცევა იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში", ელისო კილაძეს კი სიცრუის გამავრცელებელი უწოდა.

მანვე განმარტა თუ რა დოზით არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და აღნიშნა, რომ პარტიის შტაბში არ დადის, თუმცა „შეიძლება თვეში ერთ შეკრებას დაესწროს“.

„მე არ ვარ პროცესებში ჩართული. „ოცნების“ საარჩევნო პროცესებში ჩართვა შეიძლება, გადაჭარბებული იყოს. მე შტაბში არ დავდივარ, შეიძლება თვეში ერთხელ შეკრებას დავესწრო. პროცესები მიდის ჩემს გარეშე. რაც შეეხება ჩემი, როგორც მოქალაქის აქტიურობას, ჩემი სურვილია, რომ "ოცნებას" მხარდაჭერა გამოვუცხადო, ვინადან ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ევროპული მიმართულებით გააგრძელებს სიარულს"

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს შეხვედრა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა. მანდამდე, 7 ივნისს ყოფილი პრემიერი ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა, მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელ აქტიურად ერთვება საარჩვენო პროცესში და მედიასთან აქტიურად ურთიერთობს და როგორც ჩანს, არჩევნებამდეც ასე აპირებს "მუშაობას".

თუმცა ის ფაქტი, რომ ივანიშვილის გუშინდელი შეხვედრა პირდაპირ ეთერში არ გაშვებამ საზოგადოების ნაწილი გააკვირვა, მითუმეტეს  როცა საარჩევნოდ ყოფილი პრემიერიმოსახლეობასთან შეხვედრებსა და რეგიონებში გასვლას აპირებს. ზოგიერთი ამ შეხვედრის ტელევიზიით არ ჩვენებას ივანიშვილის პიარსამსახურს შეცდომად მიიჩნევს, ზოგიც კი თავად რესპონდნენტის სურვილად, რომელსაც ვერავინ შეეწინააღმდეგა.

არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსი:

"ვვფიქრობ დახურული შეხვედრები თვისობრივად განსხვავებული შეხვედრაა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში რესპონდენტიც ბევრად უფრო ღია და გახსნილია, ჟურნალისტებიც არ არიან მაყურებელზე ორიენტირებულნი. დახურულ შეხვედრაზე სრულიად სხვანაირია ჟურნალისტიც, ხშირ შემთხვევაში რესპონდენტიც იმიტომ, რომ ისინი არ არიან დამოკიდებული თავიანთი მხარის პოზიცია დააფიქსირონ. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის პიარსამსახურთან არ მაქვს ურთიერთიბა, რა ჩაანაფიქრიც ჰქონდათ ამ შეხვედრის ფორმატზე, ძალიან კარგი გამოვიდა, იმიტომ რომ ასეთი დახურული შეხვედრები რესპონდენტსა და ჟურნალისტს ბევრ შესაძლებლობას აძლევს.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

"როცა ვლაპარაკობთ პიარსამსახურის მუშაობაზე, გავიხსენოთ ივანიშვილის სტუმრობა სალომე ასათიანის გადაცემაში, სადაც თითქოს წინასწარ იყო შეთანხმებული სასაუბრო საკითხები. აქ მხოლოდ ერთი მხარის შეცდომა არ უნდა ვაღიაროთ, მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, დაიცვა თუ არა შეთანხმება ჟურნალისტმა. იმის თქმა, რომ ჟურნალისტი არასოდეს არ არღვევს სიტყვას, ცოტა ძნელია. როცა საქმე გაქვს პიროვნებასთან, რომელიც თვითონაც პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ნათქვამ სიტყვას და რომლის სიტყვას ისედაც აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის განისაზღვრება წრე, რომ არ იყოს ლაპარაკი ყველაფერზე.

რაც შეეხება ივანიშვილის გუშინდელ დახურულ შეხვედრას ჟურნალისტებთან, რომელიც არ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, არა მგონია, ეს ექსპრემიერი გუნდის ან პიარსამსახურის ბრალი იყოს, ალბათ თავად ივანიშვილმა არ მოისურვა პირდაპირ ეთერში ჩართვა, თუმცა წინსაარჩევნო პროცესის გათვალისწინებით ალბათ თავად ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ინტერესში უნდა იყოს გამოიყენონ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნებიმიერი ფორმა და შესაძლებლობა.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)