გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს - კვირის პალიტრა

გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე დღეს კრიმინალურ პოლიციაშია დაბარებული. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, თარგამაძე პოლიციაში მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული, რომელის მიხედვითაც“ ე.წ. კანონიერი ქურდმა, დათო გერლიანმა (დათო სვანი) საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ არ დაუკავებიათ“. პარტიაში აცხადებენ, რომ თარგამაძე დაკითხვაზე მივა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ”ფეისბუქზე” განცხადება გაავრცელა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ”კანონიერი ქურდი” დაეკავებინათ, გივი თარგამაძე დაიბარეს დაკითხვაზე.

”ალბათ არც დაიჯერებთ რასაც ახლა დავწერ. კანონიერი ქურდი, რომელმაც უპრობლემოდ გადმოიარა საზღვარი ხელისუფლებამ არ დააკავა. სამაგიეროდ, კრიმინალურ პოლიციაში დღეს 5 საათისთვის გივი თარგამაძე დაიბარეს”. (წყარო)

გივი თარგამაძის განცხადებით, გერლიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე, უპრობლემოდ დატოვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი რეაგირება არ ჰქონია ამ ფაქტზე.

"მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ როდესაც მათ აღარ ჰყავთ ამომრჩეველი, ამ ამომრჩევლის მაგივრობას მათ ვერანაირი "კრიმინალური ავტორიტეტი" ვერ გაუწევს და ამ გზით ზემოქმედება საარჩევნო შედეგზე იქნება შეუძლებელი", - აღნიშნა თარგამაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.