"კომკავშირის ყრილობაზე მეგონა თავი" - ნინო ნადირაძე -კუზანოვა მეჭიაურის პარტიაში მიიწვიეს?! - კვირის პალიტრა

"კომკავშირის ყრილობაზე მეგონა თავი" - ნინო ნადირაძე -კუზანოვა მეჭიაურის პარტიაში მიიწვიეს?!

"მე და ბატონი თამაზი ვმეგობრობთ, ვგიჟდები, ისე მიყვარს"

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალმა სახემ, ნინო ნადირაძე-კუზანოვამ დატოვა. მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განმარტა ბურჭულაძის პარტიიდან წამოსვლის მიზეზები. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა:

- პაატას დიდი ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ, ნიჭიერი ადამიანია. როდესაც თავის პარტიაში მიმიწვია, მოსაფიქრებლად ერთი დღეც არ მქონდა, გადაწყვეტილება ნაჩქარევად მივიღე და დავთანხმდი. მეორე დღეს უკვე ყრილობაზე ვიყავი და მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი. კომკავშირის ყრილობაზე მეგონა თავი, ადამიანები არაბუნებრივად ლაპარაკობდნენ, არ იგრძნობოდა გულწრფელობა და საქმის რეალურად კეთების სურვილი. ყველაფერი დადგმული და ხელოვნური იყო, დროშების ფრიალით.

....

- სხვა პარტიიდან შემოთავაზება ხომ არ მიგიღიათ?

- ჯერ პაატას ვემშვიდობები. თუ, როგორც გითხარით, საქმის კეთების გულწრფელ სურვილს დავინახავ, შესაძლოა, სხვა პარტიაში გაწევრებაზე ვიფიქრო, მინდა ჩემი გამოცდილება ქვეყანას მოვახმარო. (იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გაიარეთ რეგისტრაცია, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ ინტერვიუ)

ერთ-ერთი ვერსიით, ქალბატონმა ნინომ უკვე მიიღო შეთავაზება თამაზ მეჭიაურისგან, რომელმაც სულ ახლახან ახალი პარტია "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის დააარსა. თუმცა ამ ინფორმაციას არც ქალბატონი ნინო და არც ბატონი თამაზი არ ადასტურებენ.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა:

- მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა, მე და ბატონი თამაზი ვმეგობრობთ, ვგიჟდები, ისე მიყვარს, მაგრამ ჩვენი აზრები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

თამაზ მეჭიაური:

- ქალბატონ ნინოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საკვანძო საკითხებში განსხვავებული ხედვები გვაქვს?

- კონკრეტულად რა საკითხებში?

- ეს შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას. მე რამდენადაც ვიცი, მას განსხვავებული პოზიცია აქვს. თუმცა თუ მან ამ საკითხზე აზრი შეიცვალა, მაშინ შეიძლება პარტიაში გაწევრებაზე დალაპარაკება, თუ მასაც ექნება სურვილი.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ