"მიხეილ სააკაშვილის მასწავლებლებთან ”სკაიპით” ჩართვის გამო არავინ დასჯილა" - რას შეეწირა სანიკიძე?! - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის მასწავლებლებთან ”სკაიპით” ჩართვის გამო არავინ დასჯილა" - რას შეეწირა სანიკიძე?!

რატომ დატოვა თამარ სანიკიძემ თანამდებობა, როდის მიიღო შემოთავაზება, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემისთვის ეხელმძღვანელა და როგორ აპირებს მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებას, გაზეთ ”კვირის პალიტრის” კითხვებს ექსკლუზიურად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ორგანიზაციული პრობლემები გამოიკვეთა, მასწავლებლებს ტრენინგებზე ექსპრეზიდენტი ერთვება, რუსთავის საჯარო სკოლაში კი, მოსწავლეებს 26 მაისისა და 7 ნოემბრის ვიდეოფირებს აყურებინებენ. პასუხისმგებლობას გრძნობთ იმის გამო, რომ პოლიტიკური ინტერესებისთვის სასკოლო სისტემის გამოყენება ხდება?

- წინა წლებში განათლების სისტემა დამოუკიდებელი არ გახლდათ, სკოლაც და უნივერსიტეტებიც წინასაარჩევნო პროცესის ნაწილად განიხილებოდა. საზოგადოება ამ მენტალობას ერთ დღეში ვერ შეიცვლის, დარწმუნებული ვარ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი მცდელობა იქნება, სისტემა პოლიტიკურ პროცესში ჩაითრიონ. თუმცა რუსთავის სკოლაში რას აჩვენებდნენ ისეთს, რასაც ტელევიზორში მილიონმა ბავშვმა არ უყურა?

...

- გარდა იმისა, რომ რუსთავის სკოლაში ნაჩვენებ ფირზე ფსიქოლოგის დასკვნა მოითხოვეთ, რა კონკრეტულ ღონისძიებებს მიმართეთ, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს?

- სოციალურ ქსელში წავიკითხე კომენტარები, მკაცრად და სასტიკად დასაჯეთ, ვინც სკოლაში მსგავსი კადრები აჩვენაო. სასტიკად და მკაცრად დასჯა ვისი ხელწერაც იყო, მას დიდი ხანია ვებრძვით, თანაც, თუ სკოლა შეშინებული და დამფრთხალი გავხადეთ, საერთოდ არაფერს გააკეთებენ.

დიახ, რუსთავის სკოლაში ნაჩვენებ ფირზე უახლოეს დღეებში ფსიქოლოგების დასკვნას მივიღებთ, რამდენად შეესაბამებოდა ეს მეთერთმეტეკლასელების ფსიქიკას. თუ აღმოჩნდება, რომ ეს მათი ფსიქიკისთვის შეუფერებელია, პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. სხვა შემთხვევაში კი, გაფრთხილებითა და დარიგებით შემოვიფარგლებით. მიხეილ სააკაშვილის მასწავლებლებთან ”სკაიპით” ჩართვის გამო არავინ დასჯილა, არადა, ვფიქრობ, ესეც არანაკლებ მავნებელია ფსიქიკისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იმ შეხვედრაზე ბავშვები არ ყოფილან. განათლების სისტემაში სისასტიკეს მასშტაბური სისასტიკისკენ მივყავართ - თუ ვიქნებით სუპერმკაცრი დირექტორთან, ის იქნება სუპერმკაცრი მასწავლებელთან, რომელიც აუცილებლად სუპერმკაცრად დასჯის თქვენს შვილს, დას ან ძმას.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: ”განათლება დროს ჩამორჩა!” (ექსკლუზივი)